ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების ხოცვაზე გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების ხოცვაზე გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს
13:57 25.06.2018
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების ხოცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს.


„გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დისკრედიტაციას.

ამა წლის 23 ივნისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, თამარაშვილის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთასთან, მოქალაქეს თავს დაესხა ექვსი ძაღლი. მხოლოდ ივნისში, ამავე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაკბენის ორი ფაქტი და მოქალაქეთა ათობით განცხადება ცხოველების აგრესიასთან დაკავშირებით.

მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ცხოველთა დაცვის მიზნით, სააგენტოს მაშველებმა სამი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათი ქცევის კორექციაზე კვალიფიციური კინოლოგები იმუშავებენ. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, თავშესაფარი იზრუნებს აღნიშნული ძაღლების გაჩუქებაზე ან მათ ბუნებრივ არეალში გაშვებაზე. გადაწყვეტილების მიღება მოხდება თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სააგენტო ყოველთვის იზრუნებს ცხოველების აგრესიული ჯგუფების დაშლაზე. ამასთან თავშესაფრის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ცხოველებზე და თავს არ ზოგავენ თითოეული მათგანის სიცოცხლის გადასარჩენად. ამდენად, შექმნილი აჟიოტაჟი და ცხოველების ხოცვაზე გავრცელებული ინფორმაცია სრულ დეზინფორმაციას წარმოადგენს.
მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მათ შორის ორგანიზაციებს, დაინტერესების შემთხვევაში, აქციების გამართვის მოთხოვნის ნაცვლად, თავშესაფრის რეგლამენტით დადგენილი დროით ისარგებლონ და ძაღლები მოინახულონ“- ნათქვამია განცხადებაში.



ბეჭდვა