მამუკა მდინარაძე: პიარული თავხედობა ჰქვია, რომ ერთ მხარეს გიორგი რურუას გათავისუფლება და მეორე მხარეს კონსტიტუციის ანუ ქვეყნის ბედი დააყენო
მამუკა მდინარაძე: პიარული თავხედობა ჰქვია, რომ ერთ მხარეს გიორგი რურუას გათავისუფლება და მეორე მხარეს კონსტიტუციის ანუ ქვეყნის ბედი დააყენო
12:24 21.05.2020
„ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ კორონა ვირუსთან ერთად მოგვიწევს რაღაც პერიოდი ცხოვრება და როგორც ამ ვირუსთან ბრძოლის კარგ მენეჯმენტში გვაქვს გამოცდილება, ასეთივე გამოცდილები ვართ პოლიტიკურ ვირუსთან ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა მყავს მხედველობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ბევრი მხარდამჭერი „ქართულ ოცნებას“ გაუნაწყენდა იმის, გამო რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არსებობს. „მაგრამ დემოკრატია გვაქვს და რაღაც ფასი უნდა გადაიხადო ამ დემოკრატიაში. როცა გინდა, რომ მომავალი თაობა ცხოვრობდეს ისეთ საზოგადოებაში და სახელმწიფოში, სადაც ანგარიშსწორება არ იქნება, ძალადობით გამოხატული დაპირისპირება არ იქნება, ალბათ, ეს ფასი უნდა გადაიხადო“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების თაობზე გამართულ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს ამ გადაწყვეტილების შესახებ მან, ირაკლი კობახიძემ და კახი კალაძემ, რომლებიც იმ დროისთვის „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებოდნენ.

„პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, დაგეგმა ბრიფინგი, რის შემდეგაც საქმის კურსში ჩასაყენებლად კომუნიკაცია ჰქონდა ამ 3 ადამიანთან. მას მიაჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება კარგია, რაშიც ვიღაც შეიძლება დაეთანმოს და ვიღაც - არა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ემოცია მძიმე იყო, მაგრამ შეიძლება გავიდეს დრო და ვთქვათ, რომ ასე სჯობდა. თუ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ რაღაც დიდი რყევები იქნებოდა ამის გამო და ქვეყანა დაზიანდებოდა, ამ შემთხვევაში მართალი გამოდის პრეზიდენტი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ქვეყანას ძალიან შეანჯღრევდა. მართალია, იქნებოდა სპეკულაციები, ასევე, იქნებოდა ჩვენი ცალკეული უცხოელი კოლეგების მხრიდან ოპოზიციური მესიჯის მხარდაჭერა, მაგრამ ეს იმდენად დამაზიანებელი ვერ იქნებოდა, რომ ერთადერთ გამოსავლად შეწყალება მიეჩნია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, თუ ამბობს ვინმე, რომ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე რომელიმე შეხვედრისას დასთანხმდა ოპოზიციას, რომ ჩაერეოდა ამ პირების გათავისუფლებაში, ეს არის ცალსახა ტყუილი.

მისივე განცხადებით, ოპოზიციამ ბოლოდროინდელი მოვლენები პოლიტიკური ბრძოლის წარმატებად ჩათვალა. „პიარული თავხედობა ჰქვია, რომ ერთ მხარეს გიორგი რურუას გათავისუფლება და მეორე მხარეს კონსტიტუციის ანუ ქვეყნის ბედი დააყენო“,- აღნიშნა ვიცესპიკერმა. მისი მისაზრებით, საკონსტიტუციო ცვლილებაზე უარის თქმა თვითონ ოპოზიციისთავის არ უნდა იყოს სასურველი, რადგან „ქართული ოცნება“ 73 მაჟორიტარით საპარლამენტო არჩევნებზე „დაანგრევს“ ოპოზიციას. „ეს ხომ კარგად იციან? მაგრამ ამ პიარული თავხედობის გამო მიდიან ვა-ბანკზე, რომ თუ რურუა არ გათავისუფლდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებეს და საერთაშორისო რეაქციები იქნება უმძიმესი. ახლა გამოდის, ჩვენ ვიხვეწებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ რამენაირად, რადგან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების წინაშე დავდეთ პირობა და ეს პირობა უნდა შესრულდეს. „ქართული ოცნების“ გუნდი სამივე მოსმენის დროს გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​
ბეჭდვა