ნოდარ კერესელიძე: ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო დახმარებას უწევს
ნოდარ კერესელიძე: ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო დახმარებას უწევს
18:39 15.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
"ევროკავშირი უპრეცედენტო დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დახმარება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
ბათუმში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები. კონფერენციის მეორე დღე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტიანი მოდელის შექმნის თაობაზე მსჯელობას დაეთმო. საუბარი შეეხო სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას. როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი განხილულ იქნა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის.


ბეჭდვა