ირაკლი კობახიძე: ახლახანს გადადგა მთავარი პროკურორი და ახალ კანდიდატურაზე საუბარი არასერიოზულია
ირაკლი კობახიძე: ახლახანს გადადგა მთავარი პროკურორი და ახალ კანდიდატურაზე საუბარი არასერიოზულია
21:54 31.05.2018
„ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამაზე დაიწყება მსჯელობა მას შემდეგ, რაც დავლაგდებით და სწორ ფორმატს შევიმუშავებთ ამ საქმისთვის ნათელის მოსაფენად”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.



ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის დიდი ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას იზიარებს. მისი თქმით, ახლა, მთავარი ამოცანა ამ საქმისთვის ნათელის მოფენაა და მთავარი პროკურორის შერჩევა დღეს აქტუალური საკითხი არ არის.



“დისკუსია, ბუნებრივია დაიწყება. არის კანონმდებლობით გაწერილი ვადები. ამას აქვს თავისი დრო, თუმცა, ეს დღეს და ხვალ, ბუნებრივია, არ მოხდება. დღეს აქტუალური საკითხი არის ის, რომ საზოგადოების კონკრეტულმა ნაწილმა გამოხატა თავისი აღშფოთება და ეს იყო საკმაოდ დიდი ნაწილი იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდა. ამ აღშფოთებას გუნდის წევრთა უდიდესი ნაწილი იზიარებს, ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზი იქ აშკარად დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ან მოსამართლის ხარვეზი, ან პროკურატურის ხარვეზი, შესაბამისად, ჩვენც ვიზიარებთ შეშფოთებას იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც ერთად ვნახეთ, ყველამ ერთად ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს. ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამაზე დაიწყება მსჯელობა მას შემდეგ, რაც დავლაგდებით და სწორ ფორმატს შევიმუშავებთ ამ საქმისთვის ნათელის მოსაფენად. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამის შემდეგ დაიწყება ყოველგვარი სხვა განხილვები, როგორიც არის მთავარი პროკურორის შერჩევა და ა.შ. ეს არ არის დღევანდელი დღისთვის აქტუალური საკითხი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ბეჭდვა