ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის დარღვევას
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის დარღვევას
18:20 02.05.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი მხრიდან რეგლამენტის დარღვევა საკანონმდებლო ინსტიტუტებისთვის დათვური სამსახური იქნებოდა.
ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის, კანონის ძალის მქონე აქტის დარღვევას, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც კონსტიტუციური ორგანოს თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისთვის“- განაცხადა კობახიძემ.


პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ განხილვის ალტერნატიულ ფორმატს მხარი არ დაუჭირა და მუშაობა რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით გააგრძელა.



კენჭისყრის პროცედურამდე, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც განმარტა, რომ საკითხს ორი მხარე აქვს - პოლიტიკური და სამართლებრივი. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც მეხუთედ წარსდგა პარლამენტში, კარგად იცნობს მის მოხსენებასთან დაკავშირებულ პროცედურას და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი მოთხოვნა გაუგებარია.



„ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ გადავუხვიოთ რეგლამენტს, და გავაგრძელოთ მუშაობა სხვა გზით, არა რეგლამენტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, არავის არ მიეცემოდა არავითარი საბაბიც კი იმაზე საუბრის, რომ თითქოს არის რაღაც ე.წ. კინკლაობა ინსტიტუტებს შორის, ცდილობენ ჩვენს შეყვანას ასეთ პროცესში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და ამას ხედავს როგორც უმრავლესობა, ასე უმცირესობა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დადებითი გადაწყვეტილებით შეგვიძლია ამის საბაბი მთლიანად მოვსპოთ. მეორე არის სამართლებრივი მხარე. სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ გვევალება რეგლამენტის მიხედვით მოქმედება. რეგლამენტი კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავუთმოთ დრო ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობას, ვიცე-სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ამის შემდეგ ვაძლევთ უკვე დასკვნით სიტყვას მომხსენებელს, ბატონ პრეზიდენტს. ეს არის გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, შესაბამისად, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვთავაზობდნენ რეგლამენტიდან, საკანონმდებლო აქტიდან გადახვევას. ამას რომ გვთავაზობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ჩახედული პოლიტიკურ პროცესებში, არ არის ჩახედული საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იქნებოდა კიდევ უფრო მეტად გასაგები ჩვენთვის, თუმცა, ამას გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ჩართული უკვე ხუთი წელია პოლიტიკურ პროცესში, რომელიც არის ჩართული საპარლამენტო პროცესებში, ის უკვე მეხუთედ აკეთებს მოხსენებას საქართველოს პარლამენტში და ის იყენებს ამ ფორმატს თავისი მოხსენებისთვის, მან ძალიან კარგად იცოდა და ზუსტად იცოდა, თუ როგორი პროცედურა არის დაკავშირებული მის მოხსენებასთან საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი ეს მოთხოვნა არის ბევრად უფრო მეტად გაუგებარი, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, როდესაც ასეთ მოთხოვნას საქმეში ჩაუხედავი, საპარლამენტო პროცესში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაუხედავი ადამიანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კანონის დაცვისა და პატივისცემისკენ უნდა მოგვიწოდებდეს.



ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, პრინციპულად მიუღებელია რეგლამენტის წინააღმდეგ მოქმედება. მისივე განცხადებით, რეგლამენტიდან გადახვევა დათვური სამსახური იქნებოდა როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის.



„ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, ის არის ის ადამიანი, რომელიც პირველი უნდა მოგვიწოდებდეს ჩვენ კანონის პატივისცემაზე და კანონის დაცვაზე. ეს, კიდევ უფრო მძიმეს ხდის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ჩვენთან შეიქმნა ამ მოთხოვნიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენ გვთხოვენ კანონის გადახვევას, გადაცდომას და რეგლამენტის წინააღმდეგ მოქმედებას, რაც არის ჩემთვის როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის ამ შემთხვევაში, პრინციპულად მიუღებელი. კიდევ ერთხელ, ერთმანეთისგან ვმიჯნავ პოლიტიკურ ასპექტს და სამართლებრივ ასპექტს, მე ვალდებული ვარ ინსტიტუტის პრესტიჟის დაცვაზე, ჩვენი ძირითადი აქტის პრესტიჟის დაცვაზე და აქედან გამომდინარე, მე ვარ ვალდებული, მიუხედავად პოლიტიკური კონტექსტისა, დავაფიქსირო ჩემი სამართლებრივი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე, ალბათ, ბუნებრივია, ყველა ვთანხმდებით. საერთო პოზიციაა იმაზე, რომ ჩვენ გვთხოვენ კანონის დარღვევას. საქართველოს პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის, კანონის ძალის მქონე აქტის დარღვევას, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე ვფიქრობ, პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც კონსტიტუციური ორგანოს თავმჯდომარე, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისთვის, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, ასევე საქართველოს პარლამენტის ინსტიტუტისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია. ამ პოზიციის მიუხედავად, მე გთავაზობთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი და ერთად გადავწყვიტოთ ის, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას, რამდენად ვეთანხმებით ჩვენ იმ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს, კიდევ ერთხელ, კანონის ძალის მქონე აქტიდან-რეგლამენტიდან გადახვევას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



კენჭისყრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მუშაობა რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას გადახედავს და პლენარულ სხდომათა დარბაზში დაბრუნდება, რაც, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან, პარლამენტისა და პრეზიდენტის ინტიტუტების პატივისცემის გამოვლინება იქნებოდა.



„ვაგრძელებთ მუშაობას რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით, რაც გულისხმობს იმას, რომ გაგრძელდება ფრაქციების გამოსვლები, უმცირესობა-უმრავლესობის გამოსვლები, სპიკერატის გამოსვლები. მე მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა იმედი, რომ გადახედავს პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას და გადაწყვეტს, რომ იმოქმედოს ინსტიტუტის პატივისცემით, საქართველოს პარლამენტის პატივისცემით და პატივი სცეს ჩვენს საკანონმდებლო აქტს, პატივი სცეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს. მე მინდა, მიუხედავად მისი განცხადებისა, გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაუბრუნდება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს. ეს იქნებოდა მისი მხრიდან როგორც პარლამენტის ინსტიტუტის პატივისცემა, ასევე საკუთარი პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემის გამოვლინება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.






ბეჭდვა