ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს
ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს
20:54 20.02.2020
„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტექნოპარკში სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის თქმით, ამის დასტურია ბოლო გადაწყვეტილება მსოფლიოში ცნობილ ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups-თან თანამშრომლობის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში ტექნოპარკში მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startup - თან სამმხრივი ხელმოწერის ცერემონია შედგა: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის. აღსანიშნავია კერძო სექტორის ჩართულობა - „საქართველოს ბანკი“ დამატებით ინვესტიციის სახით სტარტაპებში 1 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს.

„ჩვენ „500 Startups“-თან ერთად გავაგრძელებთ ამ სფეროში აქსელერაციას და პირობას გაძლევთ, მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობას, ახალ ტექნოლოგიებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ტექნოლოგიების დიდი ნაწილი, რომლებიც განვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, შექმნილი იქნება სწორედ საქართველოში და არ ვისაუბრებთ ტექნოლოგიების იმპორტზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოში საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის 500 Startups-ის შემოსვლა რეგიონალური მასშტაბის მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი კლასის აქსელერატორები მხოლოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებში შედიან, შესაბამისად, დაინტერესებულნი არიან სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაში.

ამასთან, ქვეყანაში მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლით ქართულ სტარტაპებს შანსი ეძლევათ, თავიანთი პროდუქტები გლობალურ ბაზარზე გაიტანონ.

ბეჭდვა