„kaspiy“(აზერბაიჯანი): საქართველოში შესაძლოა მესამე ძალა გამოჩნდეს?! ბუმერანგის ეფექტი ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველისათვის
„kaspiy“(აზერბაიჯანი): საქართველოში შესაძლოა მესამე ძალა გამოჩნდეს?! ბუმერანგის ეფექტი ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველისათვის
13:21 20.04.2019
„არის ჩვენს მეზობელ რესპუბლიკაში ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა, სახელად „დაიცავი საქართველო“, რომელიც 2009 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს შეიქმნა. ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. მისი სახელწოდება თავის დროზე გაერთიანებული ოპოზიციის ლოზუნგიც იყო, რომლის მიზანს მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება წარმოადგენდა“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

სტატიაში განხილულია ის მიზეზები, რომელთა გამოც „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა, ასევე საუბარია მის პერსპექტივაზეც.

როგორც ავტორი აღნიშნავს, „მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ მნიშვნელოვნად აქტიურობდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, „ქართული ოცნებისა“ და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. მოძრაობის ლიდერები რეგიონებში დადიოდნენ და ამომრჩევლებს მის მხარდასაჭერად მოუწოდებდნენ. მაგრამ ახლა, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელებმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოსვლა გადაწყვიტეს და ყრილობა ჩაატარეს“, - წერს ავტორი.

„მაინც ვისგან უნდა დაიცვას მოძრაობამ თავისი „მრავალტანჯული სამშობლო“ კიდევ ერთხელ? „დაიცავი საქართველო“ ცდილობს იმ მესამე პოლიტიკურ ძალად იქცეს, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ბალანსს დაარღვევს, ანუ თავის რიგებში გააერთიანებს როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეებს“, - ნათქვამია სტატიაში.

მასალაში ყურადღება ეთმობა როგორც ყოფილი „მეოცნებეების“მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერების საპასუხო რეაქციებს. ციტირებულია ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძის გამონათქვამები: ეკა ბესელია „დაიცავი საქართველოს“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ალტერნატივად მიიჩნევს, ირაკლი კობახიძე კი მოძრაობას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს - არჩევნებში 3%-ან ბარიერსაც კი ვერ გადალახავსო. ამასთან, ოპოზიციური ძალების ნაწილი უკვე მზადაა „დაიცავი საქართველოს“ ირგვლივ გაერთიანდეს - მაგალითად, პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავით უსუფაშვილი ასეთ ნაბიჯს არ გამორიცხავს, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

„როგორც ჩანს, „დაიცავი საქართველოს“ პოლიტიკურ ბირთვს „ქართული ოცნებიდან“ წამოსული უკმაყოფილო პოლიტიკოსები შექმნიან, რომლებსაც ბოლო დროს მამა-მარჩენალთან - პარტიის დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაში პრობლემები გაუჩნდათ და რომლებიც დაპირისპირებულნი არიან „ქართული ოცნების“ „ახალგაზრდა გვარდიელებთან“, ირაკლი კობახიძის მეთაურობით. გავიხსენოთ, რომ ორიოდე წლის წინათ იგივე მოხდა მიხეილ სააკაშვილის პარტიაშიც, როცა „ნაციონალებს“ ცნობილი პოლიტიკოსების ჯგუფი ჩამოსცილდა და მათ ახალი პარტია „ევროპული საქართველოს“ შექმნეს. სხვათა შორის, ამ საკითხში ჩრდილოვანმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმაც გარკვეული როლი შეასრულა. მოკლედ, საქმე გვაქვს „ბუმერანგის ეფექტთან“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

ბეჭდვა