უკრაინული გამოცემა «Страна», უკრაინის რადა-ს დეპუტატ სემიონ სემენჩენკოსთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც
ჟურნალისტმა თბილისში ჩაწერა.
გამოცემის ინფორმაციით, თბილისში არსებობს რესტორანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცე მხარდამჭერს ეკუთვნის და შესაბამისად, ამ რესტორანში თავს სათანადო საზოგადოება იყრის:
„თბილისში, რესტორან «Benya 18-21»-ს სახელი 1918-21 წლების ქართველი პოლიტიკოსის, თბილისის იმდროინდელი მერის ბენია ჩხიკვიშვილის საპატივსაცემოდ დაერქვა. რესტორნის მფლობელი ლევან გრიგოლია ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცე მხარდამჭერია, ამიტომაც აქ შესაბამისი საზოგადოება იკრიბება ხოლმე. მათი ერთმანეთთან საუბრის უპირველესი თემა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გარჩევაა, რომელსაც მიხოს თანამოაზრეები მთავრობის მიერ გაყალბებულად მიიჩნევენ: „ხელისუფლებამ სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი, დაუკავშირდა „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც თავიანთი კრიმინალიტეტი გამოგზავნეს. ჩვენი პარტიის ბევრი წევრი სცემეს“, - აღშფოთებით ლაპარაკობს რესტორნის მუდმივი კლიენტი ვახტანგ ივანიშვილი, თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
თავიანთი კანდიდატის დამარცხების შემდეგ „ნაციონალებმა“ თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე საპროტესტო მიტინგი მოაწყეს. იქვე დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან აქციის მონაწილეებს საზღვარგარეთ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევისაკენ მოუწოდა. თუმცა ეს იყო და ეს - ოპოზიციამ საერთო-სახალხო მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოში მართლაც ძალზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებიობს. „დიახ, ქვეყანაში მართლაც მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა და მოსახლეობა უკმაყოფილოა“, - ამბობენ რიგითი თბილისელები, - მაგრამ ბევრს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არ სურს. მათ ეშინიათ, რომ რუსეთთან ისევ ომი დაიწყება. ჩვენ კი ამდენი ომებისაგან უკვე დავიღალეთ - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი... ქართველებს მშვიდობა გვსურს. დღეს ჩვენთან რუსეთიდან უამრავი ტურისტი ჩამოდის, რაც ძალიან კარგია - ისინი ხომ ჩვენს პროდუქციას ყიდულობენ, ჩვენს სასტუმროებში ცხოვრობენ, ფულს იხდიან...“.
თუმცა რესტორან «Benya 18-21»-ის კლიენტებს მიმდინარე მოვლენებზე სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვთ: „იცით, ჩვენ აქ ყველა პატრიოტები და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ვართ შეკრებილი“, - ამბობს რესტორნის მფლობელი. „აქციები კვლავ გაგრძელდება?“, - ვეკითხები. „ჩვენ ჯერ მზად არ ვართ პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე. ამჟამად პარტიაში ცვლილებები მიმდინარეობს. სხვათა შორის, აღმასრულებელ კომიტეტში თქვენთვის, უკრაინელებისთვის კარგად ცნობილი ხატია დეკანოიძეც იქნება შეყვანილი. იგი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა“, - ამბობს ვახტანგ ივანიშვილი.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE