logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): რუსეთი საქართველოსთვის - ლოცვა და წყევლა ერთდროულად
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): რუსეთი საქართველოსთვის - ლოცვა და წყევლა ერთდროულად
14:27 10.10.2018
„რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ჩრდილოელ სახელმწიფოს სამხრეთიდან ესაზღვრება, არასდროს არ ყოფილა მარტივი. მართალია, ქართული რომანტიზმი და რუსული იმპერიალიზმი ერთმანეთს ავსებდნენ, მაგრამ იმავდროულად ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგებოდნენ. რუსეთის ყველაზე ცნობილ პიროვნებას ქართველი იოსებ სტალინი წარმოადგენდა“-ასე იწყება შვეიცარიული გამოცემის, «Neue Zürcher Zeitung»-ის მიერ ულრიხ შმიდის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობის ისტორიას და დღევანდელობას შეეხება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

თუ რამდენად რთულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, მათ შორის ისტორიული რეტროსპექტივით, ეს თბილისის ცენტრში არსებული მარმარილოს დაფიდანაც შეიძლება გავიგოთ: „ეძღვნება იმ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეთა ხსოვნას, რომლებიც 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა“.

მაინც რა მოხდა იმ დროს? 1956 წლის თებერვალში იოსებ სტალინის მემიკვიდრე ნიკიტა ხრუშჩოვი პარტიის დახურულ ყრილობაზე საიდუმლო გრიფის მქონე მოხსენებით გამოვიდა, რომელშიც მან მკაცრად გააკრიტიკა დიქტატორის პიროვნების კულტი. ბევრ საბჭოთა ადამიანში პარტიის კურსის ასეთმა მოულოდნელმა და სწრაფმა ცვლილებამ შოკი გამოიწვია - მათ ხომ მეოთხედი საუკუნის განნმავლობაში შთააგონებდნენ, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება მთლიანად იოსებ სტალინზე იყო დამოკიდებული. მომხდარი ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვეს ქართველებმა, რომლებიც ძალიან ამაყობდნენ მშობლიური მიწის მთელ მსოფლიოში ცნობილი შვილით. ახალგაზრდა დემონსტრანტებმა თბილისის ცენტრში სტალინის პორტრეტებით გაიარეს და საქართველოს დამოუკიდებლობა მოითხოვეს. საქმეში საბჭოთა არმიის ნაწილები ჩაერთვნენ და აქცია სისხლში ჩაახშვეს. მარმარილოს დაფაზე ტექსტის წაკითხვისას შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ 1956 წლის დემონსტრაციის დროს დემოკრატიულ უფლებებს ან ფედერალურ ავტონომიას ითხოვდნენ, მაგრამ ნუ შეცდებით: სინამდვილეში აქციის მონაწილენი დესტალინიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ამიტომაც მომხდარი ამბავი არ უნდა განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წარმატებული გამოვლენის ფაქტად.

მსგავსი ორმაგი მორალი შეიძლება შევამჩნიოთ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენის შეფასებაშიც, როცა ათასობით ადამიანი თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა, რათა პროტესტი განეცხადებინათ აფხაზეთის მცდელობის წინააღმდეგ, საქართველოდან მისი გამოყოფის მიზნით. ამ შემთხვევაშიც საბჭოთა არმიამ აქცია მკაცრად დაარბია და გარეკა.

რამდენიმე თვის შემდეგ, 1989 წლის ივლისში, ნობელის პრემიის ლაურეატი ანდრეი სახაროვმა მოსკოვის ერთ-ერთ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ზოგიერთ საბჭოთა რესპუბლიკაში არსებული მმართველობის სტილი გააკრიტიკა, რომელსაც ქვეყანა „მცირე იმპერილაიზმამდე“ მიჰყავს. ანდრეი სახაროვმა ასეთი რესპუბლიკის ნიმუშად საქართველო დაასახელა, „რომელიც აფხაზეთს და ოსეთს იმპერიალისტურად მართავდა“. ქართველთა თვალსაზრისით, ასეთი საყვედური აბსურდული იყო, რადგან ის თვითონ იყო რუსულ-საბჭოური ოკუპაციის პირველი მსხვერპლი. ამჟამად საქართველოში 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღედ აღინიშნება. მწარე ისტორიული ირონია იმაში გამოიხატება, რომ 2008 წელს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ფაქტიური გამოყოფის შემდეგ „ეროვნულ ერთიანობაზე“ ლაპარაკი ზედმეტია.

1956 და 1989 წლების სისხლიან კონფრონტაციაში აშკარად შეიმჩნევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ორმაგი ხასიათი: ერთი მხრივ, იოსებ სტალინის, საბჭოთა იმპერიის ლიდერის სამშობლო რუსეთს ეროვნულ ჩაგვრაში ადანაშაულებდა, მეორე მხრივ კი საქართველო ყოველთვის იყო მრავალეროვნული წარმონაქმნი, რომელმაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, „ეროვნული ერთიანობა“ სწორედ რუსეთის, ანუ უცხო სახელმწიფოს დახმარებით მოიპოვა.

საქართველოს სამეფოს შეერთებამ რუსეთის იმპერიასთან 1801 წელს ქართველი თავად-აზნაურობის მწარე იმედგაცრუება გამოიწვია - მათი მიზანი ხომ სახელმწიფოებრივი ავტონომიის შენარჩუნება იყო, საქართველოს კი რუსი ჩინოვნიკები ჩვეულებრივი პროვინციული გუბერნიის მსგავსად მართავდნენ. ამის მიუხედავად, მე-19 საუკუნეში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი სივრცე მაინც ჩამოყალიბდა. იმავე ასწლეულში საქართველოში რამდენიმე ანტირუსული აჯანყებაც მოხდა, რომლებიც სისხლში იქნა ჩახშობილი. 1832 წელს გამჟღავნდა თავად-აზნაურთა შეთქმულებაც, რომლის მონაწილენი მკაცრად დაისაჯნენ. 1845 წლამდე საქართველოში სამხედრო-სარეჟიმო მართვა-გამგებლობა ხორციელდებოდა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა შემოიღეს. მოგვიანებით, რუსეთის იმპერია საქართველოს (თბილის-ქუთაისის გუბერნიებს) ისე უყურებდა, როგორც კოლონიას და მის ეკონომიკურ ექსპლოატაციას ეწეოდა. გარდა ამისა, საქართველო [რუსეთის მთვარობის მოწინააღმდეგეების] გადასახლების ადგილიც იყო, ერთგვარი „სამხრეთ ციმბირი“. ამასთან, იმპერია ლოიალურად განწყობილ ქართველებს განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის უფლებას აძლევდა: ვთქვათ, გენერალ პეტრე ბაგრატიონს და სხვებს. საერთოდ, ქართველებში არ იგრძნობოდა რუსეთის მიმართ ღრმა სიძულვილი - ისეთი, როგორიც, მაგალითად, პოლონელებში იყო.

მიხეილ ლერმონტოვმა საქართველოს რომანტიზება მოახდინა და თვლიდა, რომ იქ ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული ჟან-ჟაკ რუსოს სულისკვეთებიანი ერთგვარი სამოთხე. იგი უმღეროდა მკაცრი მთების ქვეყანას, როგორც თავისუფლების ნავსაყუდელს. თუ სიტუაციას ყურადღებით შევხედავთ, მსგავსი მისტიფიცირება, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ ასახავდა.

ქართული კულტურა უფრო მეტად გაითავისა პოეტმა ალექსანდრე გრიბოედოვმა, რომელმაც ცოლად კახელი თავადის ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ნინო ჭავჭავაძე მიიყვანა. გრიბოედოვის ნაწარმოები „ვაი ჭკუისაგან“ იმპერიაში აკრძალული იყო. მისი სიყვარული ქართული კულტურისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ ლექსებს ქართული ლექსთწყობით წერდა.

რა თქმა უნდა, „კულტურული გაცვლა“ უკუმიმართულებითაც ხდებოდა: ქართველთა მთელმა თაობამ ლიტერატურული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება ქართველებს თბილისში უნივერსიტეტის გახსნის ნებას არ აძლევდა - მაგის დრო ჯერ არ დამდგარაო. თუმცა სწორედ უნივერსიტეტის არარსებობამ განაპირობა ქართველ ინტელექტუალთა კონტაქტები იმპერიის დედაქალაქში რუსეთის პროგრესულ მოაზროვნეებთა. რუსეთში განათლებამიღებულმა ქართველებმა თავიანთთვის სპეციალური სახელიც კი მოიგონეს - „თერგდალეულები“, ანუ „ვინც თერგს გაღმა იყო ნამყოფი, რომლებმაც საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო მდინარე გადაკვეთეს“. მათგან ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან ილია ჭავჭავაზე, საქარტველოს ეროვნული პოეტი. მან პეტერბურგში სწავლისას ქართულ ენაზე გადათარგმნა ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ლექსები. ილია ჭავჭავაძე ყურადღებით ეცნობოდა რუსულ სოციალურ-კრიტიკულ პროზასაც. ამასთან, ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც, სხვათა შორის, დედის მხრივ სომხური სისხლიც ერია, ზოგჯერ თავშეკავება ღალატობდა: აქტიურად აკრიტიკებდა ქართულ ქალაქებში სომხების მოზღვავებას და მწარედ წერდა, რომ „ღირსეული ბრძოლით“ მათი თავიდან მოშორება ვერ ხერხდებოდა. ამგვარი ანტისომხური განწყობა ხელს უწყობდა ილია ჭავჭავაძის პოპულარობას. 1907 წელს იგი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს - შესაძლოა, მასზე ქართველმა კომუნისტებმა შური იძიეს (ილია მათ მუდმივად აკრიტიკებდა), ან ეს იყო რუსეთის პოლიციის მიერ მოწყობილი, ქართული ნაციონალიზმის გასანეიტრალებლად.

ილია ჭავჭავაძე საბჭოთა საქართველოში მოგვიანებით იქნა აღიარებული. პოეტს თავდაპირველად კომისრები დამაცირებლად „თავადს“ და „ნაციონალისტს“ უწოდებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1937 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების ასი წლის იუბილე აღნიშნეს, იოსებ სტალინის ნებით, ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის სოციალ-კრიტიკული ნაწარმოებები რევოლუციური სოციალიზმის კუთხით იქნა განხილული. სხვათა შორის, საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი პირადად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს - სწორედ მან შეუწყო ხელი მომავალი დიქტატორის პოეტურ დებიუტს... ილიას გაზეთ „ივერიაში“ სოსელოს ფსევდონიმით დაბეჭდილ ლექსებში ავტორის სამხრეთული კოლორიტი იყო წარმოსახული. მისი ლექსების გამოქვეყნებით ილია ჭავჭავაძემ თავისი ღია დამოკიდებულება მოახდინა ყველა ქართული პოლიტიკური მიმდინარეობისადმი. საბოლოო ჯამში, ილია ჭავჭავაძე 1987 წელს ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა „ილია მართალის“ სახელით.

იოსებ სტალინი ქართული რომანტიზმისა და რუსული იმპერიული კულტურის ნაყოფი იყო. იგი თავის ადრინდელ ლირიკაში ცდილობდა ეროვნული მოძრაობა გაეღვიძებინა. მოგვიანებით, ფესვდონიმი „კობა“ სტალინმა ქართული სათავგადასავალო რომანის გმირის სახელისაგან აიღო. სემინარიაში მისი სწავლის წლები რუსეთ-საქართველოს ტრადიციული ეროვნული კონფლიქტის ფონზე ხდებოდა. პედაგოგები, როგორც წესი, რუსი შოვინისტები იყვნენ და კოლონიური პოლიტიკის გამტარებლად გამოდიოდნენ. 1886 წელს სოციალური აფეთქება მოხდა: სემინარიიდან გარიცხულმა სტუდენტმა რექტორი მოკლა, რადგან მან ქართულ ენას „ძაღლების ენა“ უწოდა. სემინარიის რექტორის დაკრძალვისას რუსმა ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა და ანათემას გადასცა. თავის მხრივ, თბილისის ქალაქის თავმა და თავადაზნაურობის ხელმძღვანელმა დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოს პავლეს საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეს ნაბიჯი ყიფიანს ძვირად დაუჯდა: იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ ქართველი თავადი პეტერბურგში გამოიძახა, გზაში კი ვერაგულად მოკლეს საიდუმლო პოლიციის დავალებით. დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა თბილისში უდიდეს მანიფესტაციად გადაიქცა. 2007 წელს იგი წმინდანად იქნა შერაცხული.

იოსებ სტალინს კარგად ესმოდა მოვლენების პოლიტიკური მნიშვნელობა. იგი რელიგიაში საზოგადოების გაერთიანების მეთოდს ხედავდა ეროვნული მობილიზებისათვის და მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ტერორისტული ზემოქმედება ხელისუფლებაზე. მან ეს ჩანაფიქრი აქტიურად გამოიყენა 1917 წლამდე ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1921 წელს წითელი არმია მენშევიკურ საქართველოს რესპუბლიკაში შეიჭრა და იქ ბოლშევიკური მარიონეტული რეჟიმი დაამყარა, რაც 1920 წლის მაისში რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. იოსებ სტალინი, რომელიც იმ ხანებში ეროვნებათა საქმეების კომისარი იყო, მიიჩნევდა, რომ „კულტურა თავისი ფორმით ეროვნული უნდა იყოს და შინაარსით - სოციალისტური“. თუმცა მალე გაირკვა, რომ იგი უპირატესობას რუსულ კულტურას აძლევდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის: 1922 წელს იოსებ სტალინმა, ვლადიმერ ლენინის შედარებით ლიალური გეგმის საწინააღმდეგოდ, თანამემამულეებს დააძალა მათთვის არასასურველ ამიერკავკასიის ფედერაციაში გაერთიანებულიყვნენ, შემდეგ კი გაზეთმა „პრავდამ“ „ხალხთა მამა“ უწოდა.

1936 წლის საბჭოური კონსტიტუციით, დიდსულოვანმა ბელადმა საქართველოს მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი უბოძა. მეორე მსოფლიო ომის წლებში იოსებ სტალინმა თავის სამშობლოს კიდევ რამდენიმე პრივილეგია მისცა - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1811 წელს დაკარგული ავტოკეფალია აღუდგინა (მართალია, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ჯერ კიდევ 1917 წელს გამოაცხადა, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ მისი სტატუსი არ აღიარა. 1943 წელს კი ბელადმა ეს საკითხი გამოასწორა). რესპუბლიკის სტატუსის განმტკიცებით სტალინს სურდა ქართველებში გერმანოფილური ტენდენციები აღმოეფხვრა, რომელიც 1918-1919 წლებში ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ გერმანიის იმპერიის მხარდაჭერით იყო განპირობებული.

რუსეთი დღემდე რჩება ქართული პოლიტიკის და კულტურის ასათვლელ წერტილად, განსაკუთრებით „2008 წლის კონფლიქტის“ შემდეგ - ასე რბილად უწოდებენ მოსკოველი დიპლომატები აგვისტოს ხუთდღიან ომს, რომელმაც ორ მეზობელს შორის მრავალწლიანი კავშირები გაწყვიტა.

მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს შორის განხეთქილების ამსახველი კრიზისი ერთგვარი გამაერთიანებლის ტენდენციასაც გვიჩვენებს: ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გრიგოლ ჩხარტიშვილია (იგი ზესტაფონში დაიბადა და მოსკოვში გაიზარდა), დღეს კრემლის ერთ-ერთი შეურიგებელი კრიტიკოსია. 2016 წელს მას თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მინიჭეს. თავის სამადლობელ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა - თვითმფრინავით თბილისში რომ მოვდიოდი, ქართული ანბანის შესწავლა მოვასწარიო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან