სამხრეთ კორეის გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს ელჩი სეულში ოთარ ბერძენიშვილი ჟურნალისტ
ესთერ ჩუნგთან საუბრობს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ღირსშესანიშნაობებზე, პირად ცხოვრებაზე, საკუთარ სპორტულ კარიერაზე, კორეულ შთაბეჭდილებებზე, სეულისა და თბილისის მსგავსებაზე და ა.შ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„კორეაც და საქართველოც მთა-გორიანი ქვეყნებია. ორივე დედაქალაქი - სეული და თბილისი რელიეფით და გამწვანებით ერთმანეთის მსგავსია. თბილისში, კუს ტბის შემოგარენი, [მთაწმინდის ტყე-პარკი] ძალიან ჰგავს სეულის ნამსანის მთის ტყე-პარკს, რომლებიც დედაქალაქებში ერთგვარ მიკროკლიმატის შემქმნელ ბუნებრივ „მწვანე ზონებს“ წარმოადგენენ. მოვუწოდებ კორეელ ტურისტებს, რომ საქართველოს წლის ყოველ დროს ეწვიონ. ჩვენთან არის შავი ზღვის სუბტროპიკული კურორტები - ზაფხულობით და სამთო-სათხილამურო - ზამთრობით. შემოდგომით კორეელ ტურისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რთველში - ყურძნის კრეფაში. გაზაფხულობით კი მათ უამრავი ნაკრძალის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. საქართველო ძალზე მდიდარია ტბებით და მდინარეებით. ჩვენთან არის მარადიული თოვლითა და მყინვარებით დაფარული კავკასიის მთები, სადაც თხილამურებით თითქმის მთელი წლის განმავლობაში შეიძლება სრიალი. მე თვითონ პროფესიული მოთხილამურე ვიყავი 1990-იან წლებში, ვოცნებობდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე და როცა კორეაში, ფიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენებს ვხედავდი, ჩემი ოცნებაც ასრულებულად ჩავთვალე“, - ამბობს ინტერვიუში ოთარ ბერძენიშვილი.
ქართველი დიპლომატი კორეელებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აცნობს: „კორეელების მსგავსად, ქართველებსაც ძალიან მოსწონთ ველური ბუნება. ჩვენთან, მთებში, შეიძლება ყველგან ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ნახავთ ხელუხლებელ ბუნებას. მოგზაურები საქართველოში ნახავენ ათასობით უძველეს ტაძარს, რომლებიც არქიტექტურულ მარგალიტებს წარმოადგენენ. ზოგიერთი მათგანი მთებში, თოვლიან მწვერვალებთან ახლოსაა აგებული და იქიდან თვალწარმტაცი პეიზაჟი იშლება.
რაც შეეხება კორეელ და ქართველ ტურისტებს შორის განხვავვებას: კორეელები სიბერეშიც კი არ წყვეტენ აქტიურ დასვენებას, ისინი სპორტით არიან დაკავებულნი და კარგ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 70 წელს გადაცილებულ ადამიანს იშვიათად ნახავთ, რომ დარბოდეს ან ვარჯიშობდეს“.
კითხვაზე, თუ როგორ აღინიშნა სამხრეთ კორეაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და რას აკეთებს საელჩო ორმხრივი კავშირების გაღრმავებისათვის, ოთარ ბერძენიშვილი პასუხობს, რომ განხორციელდა კულტურული პროგრამა, ჩატარდა ქართული კინოს კვირეული, კორეას ეწვია სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „რუსთავი“, მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კავშირების განვითარება. რაც შეეხება სპორტულ კავშირებს: ისტორიულად ქართველები განთქმული მოჭიდავეები არიან და ხშირად მონაწილეობენ კორეაში, მაგალითად, კუნძულ ჩეჯუზე გამართულ ტურნირებში, განსაკუთრებით ძიუდოში.
„საქართველო პოპულარული ხდება კორეაში: საელჩო ამ მხრივ მიზანმიმართულად მუშაობს. იზრდება კორეელი ტურისტების რაოდენობა. თუ 2012 წელს ჩვენთან მხოლოდ 100 კორეელი ტურისტი ჩამოვიდა, ბოლო წლებში მათმა რაოდენობამ 700-ს მიაღწია. იმედი მაქვს, უახლოეს ხანში კორეელი მოგზაურობის მოყვარულთა რიცხვი გაორმაგდება. ამ მიზნით აქტიურდება საავიაციო მიმოსვლა კორეასა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, ვფიქრობთ საქართველოში კორეული ფილმების გადაღებაზეც“, - ამბობს ქართველი დიპლომატი და ინტერვიუს ამ სიტყვებით აბოლოვებს: „იმედი მაქვს, რომ კორეელებისათვის საქართველოში მოგზაურობა, ჩვენი ტრადიციების, ქართული ღვინისა და სამზარეულოს კერძების გაცნობა დაუვიწყარი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში“.
---------
ინტერვიუს თან ერთვის მონაცემები საქართველოს შესახებ (მდებარეობა, რელიეფი, მოსახლეობა, კორეელი მიგრანტების რაოდენობა, ეროვნული დღესასწაულები. „საინტერესო ფაქტი: საქართველოში ადამიანის დაბადება-გარდაცვალებას, ქორწინებებს და ცხოვრების სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებს სუფრით აღნიშნავენ: მაგიდაზე უხვადაა დაწყობილი სხვადასხვა კერძები, რომლებიც ბოსტნეულისა და ხორცისაგან მომზადებული. სუფრას თამადა ხელმძღვანელობს, რომელიც მრავალ სადღეგრძელოს ამბობს და სუფრის წევრებს აცნობს ქვეყნის ისტორიას, ლეგენდებს, რელიგიურ წმინდანებს, კულტურას და ა.შ. გასულ წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგებით დადასტურდა, რომ მეღვინეობა სწორედ საქართველოში ჩაისახა და რომ საქართველო ღვინის სამშობლოს წარმოადგენს“.
დანართში მკითხველი ასევე ეცნობა საქართველო-კორეის ურთიერთობის ამსახველ ფაქტებს (დიპლომატიური კავშირები, ექსპორტ-იმპორტი, ვიზიტები). პუბლიკაციაში მოცემულია საქართველოს ელჩის მოკლე ბიოგრაფიაც.