რუსული გამოცემის, «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, აბუ-უმარ ალ-შიშანის (იგივე თარხან ბათირაშვილის) ცოლის - სედა დუდურკაევას თურქეთში დაკავების ფაქტს. იგი ეჭვმიტანილია ტერორისტებთან კავშირებში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ეკატერინა საჟნევას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სედა დუიდურკაევა წარმოშობით ჩეჩენია, მამამისი - ასუ დუდურკაევი ადრე რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის ჩეჩნეთის სამმართველოს უფროსი იყო, მაგრამ როგორც კი მისი ქალიშვილი სირიაში „გაიპარა“ და ერთ-ერთი ბოევიკის ცოლი გახდა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ასუ დუდურკაევი თანამდებობიდან მოხსნა. ამის შემდეგ ექს-ჩინოვნიკის ირგვლივ უნდობლობის ატმოსფერო შეიქმნა: ასუ დუდურკაევს ნათესავებიც კი განუდგნენ. ამასთან უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ასუ დუდურკაევი პატიოსანი ადამიანია, უბრალოდ, მან ვერ შეძლო თავისი შვილები და განსაკუთრებით, ქალიშვილი დაუფიქრებელი ნაბიჯისაგან აერიდებინა.
როცა აშკარა გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ მარცხი, სირიიდან თურქეთში ბევრი ჩეჩენი „ბოევიკის“ ოჯახობა გადავიდა, იქიდან კი ჩეჩნეთში დაბრუნდნენ. გროზნოში თურქეთიდან რამდენიმე სპეციალური ავიარეისი განხორციელდა, რომელთა მგზავრები სწორედ ტერორისტების ცოლ-შვილი იყვნენ. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სწორედ რამზან კადიროვის დამსახურებაა „შემცდარი“ თანამემამულეების გადარჩენა.
ამასთან, იყვნენ ისეთებიც, რომელთა ქმრები ბრძოლებში დაიხოცნენ, მათ ოჯახებს კი არსად არ უშვებდნენ. ცოლები ე.წ. „ქვრივთა სახლებში“ ცხოვრობდნენ, საკმაოდ ხშირად კი ძალდატანებით მეორედ ათხოვებდნენ - ისინი კვლავ აჩენდნენ ბავშვებს, ჯიჰადის მომავალ ჯარისკაცებს. ფაქტიურად მონების, ხარჭების და პოტენციური „კამიკაძეების“ („შაჰიდების“) მდგომარეობაში იყვნენ.
„სედა დუდურკაევს ქმარი 2016 წელს დაეღუპა“, - ჰყვებიან ოჯახის ნაცნობები, - აბუ-უმარ ალ-შიშანი, საქართველოს ყოფილი მოქალაქე თარხან ბათირაშვილი იყო. ისინი ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით გაეცვნენ. გოგონების გადაბირების ასეთი მეთოდიკა დიდი ხანია ცნობილია. სედა თურქეთში გაიქცა, იქიდან კი - სირიაში. მშობლები მის გამოხსნას შეეცადნენ, მაგრამ წარუმატებლად. ქმრის დაღუპვის შემდეგ სედა ჯერ „ქვრივთა სახლში“ ცხოვრობდა, შემდეგ კი იგი დაღუპული ქმრის მეგობართან ცხოვრებაზე აიძულეს. ამბობენ, რომ თარხანის სიკვდილის გამო სედა „ჭკუიდან იყო გადასული“.
არაა გამორიცხული, რომ თურქული მხარე დაკავებულ სედა დუდურკაევას ჩეჩნეთში დაბრუნების ნებას მისცემს - ასეთი შემთხვევები უკვე იყო, თუ ქალებს მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ. ისინი რუსეთში ბრუნდებიან და შემდეგ რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. „დაბრუნებისას, გოგონები რუსულ ძალოვან სტრუქტურებს ჩვენებებს აძლევენ, ისინი აღიარებენ ჩადენილ შეცდომას, მათგან თითების ანაბეჭდებს იღებენ და ადგილობრივ სპეციალურ ორგანოებს გადასცემენ“, - ამბობს უფლებადამცველი ხედა სარატოვა.
თუმცა ფაქტები მოწმობენ, რომ რუსეთში ყველა დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება არ აქვს: მაგალითად, დაღესტანში დედებს შვილებს აშორებენ ხოლმე, კანონმდებლობის თანახმად. როგორც ხედა სარატოვა აღნიშნავს, „ჩეჩნეთში მსგავსი რამ არ ხდება. რა თქმა უნდა, დაბრუნებულებს ამოწმებენ, მაგრამ მათ არ ამცირებენ და შეურაცხყოფას არ აყენებენ. ცხადია, ისინი უნდა დაისაჯნონ, მაგრამ ჰუმანური სახით, რადგან ჩემი აზრით, ქალები ტერორისტების მსხვერპლნი არიან“.