«BBC» (დიდი ბრიტანეთი): შეეშინდება თუ არა რუსულ „გაზპრომს“?
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): შეეშინდება თუ არა რუსულ „გაზპრომს“?
10:42 13.06.2018
"აზერბაიჯანმა და თურქეთმა 12 ივნისს ქალაქ ესკიშეჰირთან ევროპისაკენ მიმავალი გაზსადენის ცენტრალური ნაწილი გახსნეს, რომელიც მოწოდებულია კონკურენცია გაუწიოს რუსულ კომპანია „გაზპრომს“ და „ბებერი ევროპის“ ენერგეტიკული რუკა შეცვალოს"-ასე იწყება «BBC»-ის რუსული სამსახურის მიერ ალექსეი კალმიკოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას, მცირე შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

TANAP-ის ანუ „ტრანსანატოლიის გაზსადენის“ (აბრევიატურაში თურქეთის ანატოლიის ნახევარკუნძული იგულისხმება) მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია. ახლა მხოლოდ 1000 კილომეტრი რჩება იტალიამდე, სადაც მილის დაბოლოებაა განსაზღვრული, 2020 წლამდე.

მართლაც ემუქრება თუ არა „ტრანსანატოლიის გაზსადენი“ „გაზპრომს“, რომელიც ამჟამად ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის 40%-ის მიწოდებას უზრუნველყოფს? ევროპა TANAP-ის პროექტს კრედიტებს და შეღავათებს აძლევს, აშშ კი მას პოლიტიკურ დონეზე ლობირებს. დასავლეთს იმედი აქვს, რომ TANAP-ით რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულებას შეასუსტებს.

დღეს ევროკავშირის გაზის ბაზარი დაახლოებით ასე გამოიყურება: მოხმარება - 490 მილიარდი კუბმეტრი, მოპოვება - 130 მილირდი კუბმეტრი, იმპორტი - 360 მილიარდი კუბმეტრი (აქედან 34% - ნორვეგიიდან, 10% - ალჟირიდან და ლიბიიდან და 43% - რუსეთიდან). როგორც ჩანს, ორიოდე წლის შემდეგ იმპორტირებს შორის ახალი მოთამაშე გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, 12 ივნისს ესკიშეჰირში მომხდარი ფაქტი ამას მოწმობს, სადაც პრეზიდენტების „ყრილობაზე“ ტრანსანატოლიის გაზსადენის „ინაუგურაცია“ მოხდა. გაზსადენის გახსნის ცერემონიის თარიღი „რუსეთის დღის“ აღნიშვნას დაემთხვა - მთავარ დღესასწაულს, რომელსაც კონკურენტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მასშტაბური ცერემონია ჩაატარა: სიმბოლური ვენტილი სტუმრებთან ერთად დაატრიალა. მათ შორის აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტებიც იყვნენ. კიევი, რომელსაც რუსულ „გაზპრომ“-თან მწვავე კონფლიქტი აქვს, იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანულ გაზს იყიდის, როცა კასპიის „ცისფერი საწვავი“ უკრაინის საზღვრებამდე მივა, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით.

ამასობაში რუსული „გაზპრომი“ 25 მილიარდდოლარიან ორ ახალ მილსადენს აშენებს ევროპისა და თურქეთისაკენ, რომელთა სიმძლავრე წელიწადში 70 მილიარდი კუბმეტრი გაზის გადატუმბვა იქნება - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და „თურქულ ნაკადს“. მათი სიმძლავრეების დიდი ნაწილი იმაზეა გათვლილი, რომ რუსული გაზის უკრაინაზე ტრანზიტი, ამჟამინდელი 90 მილიარდი კუბმეტრის ნაცვლად, წელიწადში 10-15 კუბმეტრამდე შემცირდეს.

ახალი მილსადენი, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთი საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე ორი ათასი კმ-ზე გაიჭიმება, „გაზის სამხრეთი დერეფნის“ ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ამ მილსადენით აზერბაიჯანს და მის პარტნიორებს - „ბრიტიშ პეტროლეუმს“ და „ლუკოილს“ - განზრახული აქვთ კასპიის საბადო „შაჰ-დენიზდან“ მოპოვებული გაზი თურქეთსა და ევროპაში გაყიდონ.

გაზსადენის პირველი მონაკვეთი - აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთისაკენ - უკვე ათი წელია მოქმედებს, ხოლო დამამათავრებელი მესამე მონაკვეთი - თურქეთიდან იტალიაში - 2020 წელს უნდა დასრულდეს. ამ დროიდან პარტნიორები იმედოვნებენ, რომ ყოველწლიურად 16 მილიარდ კუბმეტრ გაზს გაჰყიდიან, რომლიდანაც 10 მილიარდს ევროპა შეიძენს, დანარჩენს კი თურქეთი. ექვსი წლის შემდეგ პარტნიორებს განზრახული აქვთ გაზსადენის სიმძლავრის გაორმაგება.

თავის მხრივ, ევროპას იმედი აქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია: თუ მომავალ წელს მილს გაზის მომპოვებელი სხვა ქვეყნებიც მიუერთდებიან, მაგალითად, თურქმენეთი, ირანი, ერაყი, ისრელი და კვიპროსი - მიწოდება წელიწადში 80-100 მილიარდ კუბმეტრამდე გაიზრდება. ეს უკვე ევროპისათვის საგრძნობი მატება იქნება: დღეს ევროკავშირი, როგორც ზემოთ აღინიშნა, წელიწადში 360 მილიარდ კუბმეტრ გაზს მოიხმარს, რომლიდანაც 160 მილიარდი რუსული გაზია. საერთოდ კი, „გაზპრომის“ ექსპორტი ევროპაში მთლიანად 200 მილიარდ კუბმეტრს შეადგენს - იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან (მათში თურქეთიც იგულისხმება). რასაკვირველია, ევროპის „მადა“ სამომავლოდ სულ უფრო მოიმატებს - მართალია, მოთხოვნა სტაგნაციურია, მაგრამ იმპორტის ზრდას საკუთარი მოპოვების მკვეთრი შემცირება (რესურსების ამოწურვა) განაპირობებს.

თუმცა, ცხადია, სანამ ტრანსანატოლიის გაზსადენს სხვა ქვეყნებიც მიუერთდებიან, მანამ კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის არასტაბილურ რეგიონში ბევრი პრობლემა უნდა მოგვარდეს: კასპიის ზღვის სტატუსი, კვიპროსის კონფლიქტი, ირანისადმი გამოცხადებული სანქციები, ერაყის უსაფრთხოება და ა.შ.

40-მილიარდიანი პროექტის პირველი ნაწილი - სამხრეთკავკასიური გაზსადენი (SCP) აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში, უკვე ათი წელია „შაჰ-დენიზის“ საბადოდან გაზს ტუმბავს. ამ გიგანტურ გაზის საბადოს ბრიტანული „ბრიტიშ პეტროლეუმი“ თავის პარტნიორებთან - რუსულ Lukoil-თან, მალაიზიის Petronas-თან და ირანის NIOC-თან ერთად იყენებს. მეორე მონაკვეთი - TANAP და მესამე - TAP ანუ „ტრანადრიატიკული გაზსადენი“ გათვლილია „შაჰ-დენიზის“ საბადოს მეორე ფაზის ამუშავებაზე და კასპიის გაზის ევროპაში გასატანად.

„ბრიტიშ პეტროლეუმს“ ამ დიდი გაზსადენის სამივე მონაკვეთში 12%-დან 28%-მდე წილი აქვს. მისი მთავარი პარტნიორები აზერბაიჯანისა და თურქეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიები არიან.

რუს ჩინოვნიკებს და „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამთ, რომ TANAP-ის მხრიდან „გაზპრომს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო. სხვათა შორის, ისინი არ გამორიცხავენ თანამშრომლობასაც, რომ „გაზპრომის“ მიერ რუსეთის წიარში მოპოვებული გაზის რაღაც ნაწილი TANAP-ით ევროპაში წავიდეს.

„სამხრეთკავკასიური გაზსადენის“ მეორე მონაკვეთის - TANAP-ის გახსნით პროექტმა წინ წაიწია, მაგრამ იმავწუთს ზურგში დანა გაუყარეს: პოპულისტების გამარჯვების შემდეგ რადიკალურად განახლებული იტალიის მთავრობის ეკოლოგიის მინისტრმა განაცხადა, რომ მესამე მონაკვეთის ანუ თრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) მშენებლობა „დღეისათვის უაზროდ გამოიყურებაო“.

ბეჭდვა