logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): ქართველი ტექნოფანატები და ექსტრემისტები თბილისში ერთმანეთს საკლუბო კულტურის გამო შეეტაკნენ
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): ქართველი ტექნოფანატები და ექსტრემისტები თბილისში ერთმანეთს საკლუბო კულტურის გამო შეეტაკნენ
12:04 16.05.2018
ბრიტანული გამოცემა «The Guardian»-ი, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას და კონტრაქციას, ჟურნალისტ მეთიუ კოლინის სტატიით ეხმაურება, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის ფასადის გრანდიოზულ თაღებთან შაბათს უამრავი ახალგაზრდა შეიკრიბა. საქართველოს დედაქალაქის მთავარი ბულვარი სხვაგვარად მოაზროვნეთა კარნავალის ადგილად იქცა. სახელმწიფო შენობის წინ, მუსიკის ხმაზე, შეკრებილი ენთუზიასტები ხელაწევით ესალმებოდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც თბილისის ორ ცნობილ ღამის კლუბში პოლიციამ მათი თაობის კულტურაზე თავდასხმა მოახდინა. ახალგაზრდების პლაკატები მოთმინებისაკენ მოუწოდებდნენ და რეპრესიებს გმობდნენ: „ჩვენ აქ პუტინი არ გვსურს“, „ჩვენი სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე თქვენდამი შიში“, - ასეთი წარწერებია პლაკატებზე.

ამ მოვლენამდე რამდენიმე ხნით ადრე, შაბათს ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური რაზმი, ავტომატებით შეიარაღებულნი, თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში - „ბასიანში“ და კაფე „გალერში“ შეიჭრა, ნარკორეალიზატორების დაპატიმრების მიზნით. პოლიციელთა რეიდს წინ უძღოდა რამდენიმე ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტი, რომლებმაც სასიკვდილო ნარკოტიკი, სავარაუდოდ, აღნიშნულ კლუბებში შეიძინეს და მიიღეს.

„ჩვენ ვცეკვავდით და ვერთობოდით, როცა შეიარაღებული ფორმიანი ადამიანები შემოვარდნენ“, - ჰყვება ნუცა კუხიანიძე, რომელიც კაფე „გალერში“ იმყოფებოდა პოლიციის რეიდის მომენტში, - „შეიარაღებული პოლიციელი დიჯეისთან მივიდა, ბაჩო ჩალაძესთან და მუსიკის გამორთვა უბრძანა, შემდეგ კი გვიყვირეს და ყველა იატაკზე დაგვაწვინეს“.

პოლიციელთა თავდასხმის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა, ერთი მხრივ, საკლუბო ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია, მეორე მხრივ კი, მათ საპირისპიროდ განწყობილი რადიკალური ორგანიზაციის - საქართველოს სამოქალაქო ერთობის“ წევრების აღშფოთება, რომლებიც თავიანთ თავს „ჭეშმარიტ ქართველებად“ და „ქვეყნის დამცველებად“ მიიჩნევენ. პოლიციას საკმაო ძალისხმევა დაჭირდა, რომ აქცია-კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეტაკება არ მომხდარიყო. რადიკალები ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ნარკორიკების პროპაგანდისტებს“ და „სოდომიტებს“ უწოდებდნენ. ისინი განსაკუთრებით აღაშფოთა ერთ-ერთი „ტექნომუსიკის მოყვარული“ გოგონას ცეკვამ მემორიალზე, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცების მიერ მოკლულთა ხსოვნის პატივსაცემად არის დადგმული.

პოლიციელთა კორდონს გარეთ მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებს რადიკალები დევნიდნენ და აშინებდნენ. მარიამ მურუსიძე, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ხმის ჩამწერი სტუდიის მფლობელია, ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს ნიღბიანი ნასვამი მამაკაცები დაედევნენ და ამიტომ თავი შიდა ეზოში არსებულ ეკლესიას შეაფარეს: „გვიყვიროდნენ და გვემუქრებოდნენ, მოგკლავთო“.

ექსტრემისტთა შეტევამ გამოავლინა, რომ ქართულ საზოგადოებაში უთანხმოება ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატია ძალზე მყიფეა. ბევრს გაახსენდა 2013 წლის მაისი, როცა ათასობით მართლმადიდებელი ქრისტიანი „ლგბტ“ აქტივისტების მცირე ჯგუფს სისხლიანი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

საქართველოში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის კონსერვატიულ საზოგადოებაში ახალგაზრდული კლუბები, რომლებზეც პოლიციამ რეიდები მოაწყო, ტოლერანტობისა და პროგრესული ფასეულობების შუქურები არიან. კლუბი „ბასიანი“ საკმაოდ დიდ შენობაშია განთავსებული, რომელიც თითქმის ეროვნულ საფეხბურთო სტადიონს არ ჩამოუვარდება და „ლგბტ“ საზოგადოებასთანაა დაკავშირებული. იგივეა კაფე „გალერიც“, რომელიც ნოვატორული პროექტებით გამოირჩევა ტექნოკულტურაში, 2010 წლიდან. საქართველოში ერთსქესიანთა შორის ურთიერთობა კანონით 2000 წლიდანაა დაშვებული და შესაბამისად, სექსუალური დისკრიმანაცია დასჯადია. მაგრამ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება ჯერ-ჯერობით კვლავ უკანონოდ ითვლება და „ლგბტ“ საზოგადოების მიმართ დანარჩენი მოსახლეობის მხრიდან მტრული დამოკიდებულება შეიმჩნევა. ისინი თავს უსაფრთხოდ მხოლოდ კლუბებში გრძნობენ. სხვათა შორის, „ბასიანი“ კიდევ ერთ ორგანიაზაციასთან - „თეთრ ხმაურთანაა“ დაკავშირებული, რომლის წევრები ნარკოტიკების მოხმარების გამო დასჯადი კანონმდებლობის შერბილების კამპანიაში არიან ჩართულნი.

„პოლიციის რეიდი ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ კი არ განხორციელდა, არამედ თავისუფლების წინააღმდეგ“, - დაბეჯითებით ამტკიცებს კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელი ზვიად გელბახიანი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკავებული. მისთვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ.

კავკასიის პატარა რესპუბლიკაში ტექნომუსიკა ბოლო ათწლეულში გაჩნდა, როგორც ახალგაზრდების მასობრივი მოძრაობა-გართობის სახით და ევროპაზე ორიენტირებული და ლიბერალური პერსპექტივის მოსურნე ათასობით ქართველის ცხოვრების საუნდთრეკად იქცა. დღევანდელი ახალგაზრდები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საბჭოთა იმპერიის მარწუხებისაგან გათავისუფლებულ, მოსკოვისაგან ზურგშექცეულ და ევროპაზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ, მაგრამ იმავდროულად მძაფრ პოლიტიკურ ატმოსფეროში მყოფ საქართველოში იზრდებოდნენ. 2008 წელს რუსეთთან ომის შედეგად საზოგადოებაში მკვეთრი ცვლილება მოხდა, თუმცა ამ ცვლილებამ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის დაპირისპირებაც გამოიწვია, რაც აშკარად გამოჩნდა 13 მაისს.

„ტექნო ჩვენი თაობის გარემო იყო, რომლის დროსაც სიტყვის თავისუფლებას ვგრძნობდით“, - განმარტავს ზვიად გელბახიანი, - „ტექნო - ესაა მოძრაობა პროგრესული დასავლური ფასეულობებისაკენ. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებთაც ჩვენი შეჩერება სურთ, კლუბების არსებობა გულზე არ ეხატებათ. ისისნი ასევე ეწინააღმდეგებიან დასავლურ ფასეულობებს“.

პროტესტი სწორედ პოლიციელთა თავდასხმამ და თავისუფლების შეზღუდვამ გამოიწვია: „პოლიციამ კლუბში ცეკვაში ხელი შეგვიშალა. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ქუჩაში გამოვედით. ისმება კითხვა: იქნება თუ არა საქართველო თავისუფალი ქვეყანა?“.

მაშინ როცა პოლიციელთა რეიდმა კლუბური ახალგაზრდების აღშფოთება გამოიწვია, პოლიციელთა მოქმედებას მხარი დაუჭირეს სხვა ქართველებმა, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ ნარკოტიკების მოხმარებისაგან თანამემამულეების დაღუპვის გამო. მათ პოზიციას მიესალმნენ რელიგიური მსახურები და სახელმწიფო ჩინოვნიკები: „ფაქტია, რომ ბოლო დროს ჩვენ ნარკოტიკების პროპაგანდის მოწმენი ვხდებით. ნარკომოხმარება თავისუფალი, შეუზღუდავი გახდა“, - აცხადებს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის წევრი მმართველი პარტიისაგან.

ალბათ, ბედის ირონიად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ თბილისის მერმა, „მილანის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ამას წინათ „ქალაქის ღამის ეკონომიკის მენეჯერი“ დანიშნა, ღამის ცხოვრების პოტენციალის განვითარებისა და ტურისტების მიზიდვის მიზნით. ჰოდა, იმ პიროვნებამ, რომელიც კახა კალაძემ „ღამის ეკონომიკის მენეჯერად“ დანიშნა - თბილისის ელექტრონული მუსიკის ვეტერანმა სერგი გვარჯალაძემ - განაცხადა, რომ ქალაქის ტექნომუსიკის იმიჯმა, მნიშვნელოვანი წარმატებისა და აღიარების შემდეგ, მოულოდნელი დარტყმა მიიღო.

„ეს ადამიანები, უბრალოდ, კლუბში საცეკვაოდ მივიდნენ და ამ დროს ავტომატებიანი პოლიციელების იქ შეჭრა დაუშვებელი იყო“, - თქვა სერგი გვარჯალაძემ, - „ასეთი მოქმედება ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს. ეს არავის ინტერესებში არ უნდა იყოს. ახლა საჭიროა დიალოგი [სიტუაციის გამოსასწორებლად]“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპეცოპერაცია განაპირობა სამთვიანმა დაკვირვებამ, ნარკოდილერთა დაკავების მიზნით, რომლებიც კლუბთან იყვნენ დაკავშირებულნი. „ოპერაციის დროს უსაფრთხოების დონე დაცული იყო. აუცილებელია ნარკოტიკების გამსაღებლებთან უკომპრომისო ბრძოლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაგრამ როგორც პარლამენტის მიერ დანიშნული ადამიანის უფლებათა სახელმწიფო დამცველი ნინო ლომჯარია ამტკიცებს, სინამდვილეში პოლიციამ ნარკოდილერები ჯერ კიდევ კლუბებში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა, თანაც სულ სხვა ადგილზე. აქედან გამომდინარე, ისმება კითხვა - რატომ გახდა სპეცოპერაცია აუცილებელი?

ზოგიერთები ეჭვობენ, რომ პოლიციელთა რეიდი ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ახალგაზრდა თბილისელი ენთუზიასტებისათვის: „ხელისუფლებას სურს, რომ ახალგაზრდები კონტროლქვეშ იყოლიოს, რომ მათ მთავრობის შიში ჰქონდეთ - ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“, - ამბობს ნუცა კუხიანიძე.

თუ პროტესტის მიხედვით ვიმსჯელებთ, „გამაფრთხილებელ სიგნალს“ არასასიამოვნო შედეგები მოჰყვა: „მათ ჩვენს წინააღმდეგ რეიდი განახორციელეს, ჩვენ კი სამაგიეროდ აქ მოვედით, რომ ვთქვათ - ჩვენ მათი არ გვეშინია“, - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი, რომელსაც პლაკატი ჰქონდა წარწერით: „ჩვენ ერთად ვცეკვავთ და ერთად ვიბრძვით“.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ცნობილმა ტექნოდიჯეებმა ბერლინში გამართული სოლიდარული ღონისძიებაზე თბილისის აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საქმე საკმაოდ შემაშფოთებელი ფინალისაკენ მიდიოდა, ამიტომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. თუმცა ამის შემდეგ მოედნიდან ენთუზიასტები იძულებით ჩასვეს ავტობუსებში და პოლიციის ესკორტით ქალაქის ცენტრიდან გაიყვანეს. „ეს იმდენად უხეშად გაკეთდა, რომ ჩემი ასაკის ადამიანებიც კი გაღიზიანდნენ. თუ ჩემი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციას სადღაც უცნობ ადგილზე მივყავარ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა“, - ამბობს მარიამ მურუსიძე.

სანამ მემარჯვენე რადიკალი ქართველები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ შეტევას განახორციელებდნენ, ზვიად გელბახიანმა კლუბის ახალგაზრდების მიმართ ოპტიმიზმი გამოხატა: „პოლიციამ ამ ახალგაზრდებს თავისი ძალა აჩვენა, მაგრამ თავის მხრივ, ახალგაზრდებმაც აჩვენეს ძალა პოლიციას. საქმე იმაში არაა, ვიცეკვებთ თუ არ ვიცეკვებთ, საქმე ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლას“.

მას შემდეგ, რაც რადიკალმა ექსტრემისტებმა უკან დაიხიეს, ნათელი გახდა, რომ ამ ბრძოლას დასასრული არ აქვს და ის გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის