«Radio Voice of America» (აშშ): როგორ აფასებენ ვაშინგტონში ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას
«Radio Voice of America» (აშშ): როგორ აფასებენ ვაშინგტონში ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას
10:46 14.05.2018
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია. პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების მიზეზად ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ხელისუფლების შიგნით არსებული გაუგებრობები დაასახელა. მან დაადასტურა არსებული ვერსია, რომ ქართული ოცნების შიგნით ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფი უპირისპირდებოდა.

ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურ დაბრუნებას აფასებენ და ამბობენ, რომ ერთი ადამიანის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია დემოკრატიული წინსვლისთვის საზიანოა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალურ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების რეალური მიმღებნი. „მნიშვნელოვანია, რომ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში და მთავრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ოფიციალური თანამდებობა ეკავოთ. დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს, თუ დასავლეთში იფიქრებენ, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები“, - აცხადებს უილიამ კორტნი რენდის კორპორაციის უფროსი მკლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიღმა გავლენის ქონასა და არაფორმალურ მმართველობაზე, ხშირად საუბრობდნენ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2018 წლის ანგარიშში საუბარია „კულისებს მიღმა“ მმართველობაზე: „მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ იგი კონტროლს ინარჩუნებს მმართველ „ქართული ოცნების“ პარტიაზე“.

აშშ კენანის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და საქართველოში, ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა პოლიტიკური სისტემა არ იყოს აგებული ერთ ადამიანზე: „საქართველოში არის მიდრეკილება დიდი ფიგურებისადმი, როგორიც იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არ შემოიფარგლება ერთი ადამიანით... არ მინდა შედარება გავაკეთო პუტინთან, თუმცა პუტინი ერთადერთია, რომლის გარშემოც რუსეთში ხდება ერთიანობის შენარჩუნება და ივანიშვილიც ასე ხედავს სიტუაციას, რომ ის უნდა დაბრუნდეს და ქართულ ოცნებაში ერთიანობა შეინარჩუნოს“, - თქვა მან. „საქართველო წინ მიიწევს... ხელისუფლების, ძლიერი ოპოზიციის და გამჭირვალობის კუთხით საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს. თუ ივანიშვილი დაბრუნდა, იმედი მაქვს ეს დროებითია“, - ამბობს იალოვიცი.

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ პოსტზე დაბრუნებას პოზიტიურს უწოდებს სვანტე კორნელი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკლევარი, რომელიც ამბობს, რომ არაფორმალური მთავრობიდან ფორმალურ პოზიციაზე გადასვლა დადებითი სვლაა. „მსგავსად მიხეილ სააკაშვილისა [„ქართულ ოცნებაში“] არის ტენდენცია გადაწყვეტილებების არაფორმალურად მიღების და არაფორმალური სტრუქტურების, რაც ცუდია, რადგან არ არსებობს ანგარიშვალდებულება. თუმცა სვლა არაფორმალურიდან ფორმალურ ანგარიშვალდებულობისკენ, ვფიქრობ, პოზიტიურია“, - ამბობს ის.

კითხვაზე, თუ რამდენად გააქრობს ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა დასავლეთში არაფორმალური მმართველობის გარშემო არსებულ შეშფოთებას, სვანტე კორნელი პასუხობს: „ფაქტი, რომ ივანიშვილი ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეა, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფოციალური პოსტი არ უკავია მთავრობაში, აჩვენებს, რომ მას აქვს ძალზედ გავლენიანი როლი და რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს“.

მიმომხილველთა ნაწილი საუბრობს იმ გრძელვადიან შედეგებზე, რაც ხელისუფლების ერთი პირის გარშემო კონცენტრაციას შეიძლება მოჰყვეს. ლუკ კოფის, "ჰერიტიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით საჭიროა ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია იყოს პლურალისტული. „ნებისმიერ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური მოძრაობა, მისი იდენტობა ერთი ადამიანის გარშემოა გაერთიანებული, ეს ძალიან საშიშია. ამან შეიძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს. არ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ამას აქვს ადგილი, ივანიშვილის დაბრუნებით, თუმცა ზოგადად მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური მოძრაობა იყოს მრავალფეროვანი და პლურალისტური, იქნება ის მთავრობაში თუ ოპოზიციაში,“ - აცხადებს ლიუკ კოფი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოსა და რუსეთში ჯონ ტეფტმა, თბილისს მოუწოდა მხედველობაში მიიღოს ვაშინგტონის მოსაზრებები, რათა შეინარჩუნოს ფართო მხარდაჭერა, რომელიც თბილისს ამერიკისგან აქვს. „ამ კონფერენციაზე გამომსვლელების უმეტესობამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული სისტემის, ღირებულებების და მრავალპარტიული სისტემის მშენებლობა. ვფიქრობ, ვაშინგტონში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, რასაც მთელი პოლიტიკური სპექტრი იზიარებს, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც. საქართველოს აქვს ფართო, ორპარტიული მხარდაჭერა და ამას უნდა მოუფრთხილდეთ“, - თქვა მან.

ბეჭდვა