"nv.am"(სომხეთი): რატომ დადიან ირანელი ტურისტები უფრო მეტად საქართველოში, ვიდრე სომხეთში? საქართველოში მათ გზებზე ჩასაფრებული "მშიერთა არმია"-საგზაო პოლიცია არ ხვდება და ყოველ კილომეტრზე ფულს არ სთხოვს
"nv.am"(სომხეთი): რატომ დადიან ირანელი ტურისტები უფრო მეტად საქართველოში, ვიდრე სომხეთში? საქართველოში მათ გზებზე ჩასაფრებული "მშიერთა არმია"-საგზაო პოლიცია არ ხვდება და ყოველ კილომეტრზე ფულს არ სთხოვს
09:49 13.05.2018
სომხური გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ირანული ტურიზმის სომხური და ქართული მიმართულებები, გადმოცემულია სომხეთ-საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ირანელ ტურისტთა ინტერესები სამხრეთ კავკასიაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ- ელენა შუვაევა-პეტროსიანის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინაარსს:
„2017 წელს სომხეთს 220 ათასი ირანელი ტურისტი ეწვია, რაც ბოლო წლების რეკორდად უნდა ჩაითვალოს. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ნოვრუზის (ანუ ირანული ახალი წლის - გაზაფხულის დღესასწაულის) დღეებში შეინიშნებოდა, მაგრამ, მიმდინარე წელს, სამწუხაროდ, ირანელი სტუმრების ნაკადმა მნიშვნელოვნად იკლო. რამ გამოიწვია ასეთი სიტუაცია?

როგორც ირანული ტურისტული სააგენტო AriaPars-ის გენდირექტორი მოჯთაბა დოლათხა ამბობს, „ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, რომ ირანელები ისლამურ ახალ წელს სომხეთში, საქართველოში, თურქეთში და აზერბაიჯანში ხვდებიან. ამ ქვეყნებში მრავალი ღონისძიება და კონცერტები ტარდება ირანელი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელთაც 1979 წლიდან, ისლამური რევოლუციის დროიდან, ირანში ცხოვრება ეკრძალებათ. მათ შორისაა პრიმადონა გუგუში (ფაიღე ათეშინი) - ცნობილი საესტრადო მომღერალი და კინომსახიობი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად გამოდის თურქეთში, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საბჭოთა კავშირში გუგუში პოპულარული გახდა ირანული ფილმით „გრძელი ღამე“. 2017 წელს გუგუშის კონცერტები გაიმართა ერევანსა და თბილისში, განმეორდა 2018 წელსაც. იგივე შეიძლება ითქვას დარიუშისა და ანდის კონცერტების შესახებაც სომხეთსა და საქართველოში.

ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი კარგადაა - ირანელები საქართველოსა და სომხეთში იმიტომაც ჩამოდიან, რომ თავისუფლად მოუსმინონ საყვარელ შემსრულებლებს, რომლებიც ირანში აკრძალულნია. ამ მხრივ ერევანს და თბილისს ბაქოსთან შედარებით, მეტი უპირატესობა აქვთ: აზერბაიჯანში ირანელებს შესვლა მხოლოდ ვიზით შეუძლიათ, სომხეთ-საქართველოში - უვიზოდ. რაც შეეხება თურქეთს, ირანს მასთან უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ მუსტაფა ქემალის დროიდან აქვს. სამწუხაროდ, 2018 წელი ირანის მოქალაქეებისათვის მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ დაწყებულა: გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რამაც ტურისტული ნაკადის შემცირება გამოიწვია. მაგრამ განა მხოლოდ ფინანსური პრობლემებია მიზეზი? თუ ასეა, მაშ რატომ მატულობს ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში?

პირველი მიზეზი: საქართველოში წასვლა ირანელს, სომხეთთან შედარებით, უფრო იაფი უჯდება - თვითონ განსაჯეთ: თეირანი-თბილისი-თეირანის ავიარეისის ბილეთის ფასი 30-40 ათასი დრამია, ხოლო თეირანი-ერევანი-თეირანის ფასი - 120 ათას დრამამდე. ერევნის „ზვარტნოცის“ აეროპორტის საფასო პოლიტიკა ბევრს აფრთხობს. ირანელებზე რომ არაფერი ვთქვათ, თვით სომხეთის მოქალაქეებიც კი სხვადასხვა მიმართულებით გასაფრენად თბილისში ჩადიან და საქართველოს ავიაკომპანიებით სარგებლობენ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ირანელი ტურისტები საქართველოში წასვლით ავიაბილეთში მნიშვნელოვან ეკონომიას ხედავენ.

მეორე მიზეზი: ირანელები ავტომობილებითაც მოგზაურობენ: მიდიან თურქეთში, შემდეგ კი საქართველოში, მაგრამ საქართველოდან სომხეთში ძალიან ცოტა შემოდის, ისინი სამშობლოში ისევ თურქეთის გავლით ბრუნდებიან. რატომ? იმიტომ, რომ სომხეთის საავტომობილო გზები საშინელ დღეშია - ყველგან ორმოებია, თან ავტოტურისტმა უცხოური ნომრებით ასეთი გზებით სარგებლობისთვის, კანონის თანახმად, ფული უნდა გადაიხადოს - 10 ათასი დრამი. გარდა ამისა, გზებზე ჩასაფრებულია „მშიერთა არმია“ - სომხეთის საგზაო პოლიცია, რომელიც უცხოელ ავტოტურისტს ყოველ კილომეტრში აჩერებენ და ფულს სთხოვენ. (…)

ჰოდა, ირანელები უფრო ხშირად საქართველოსაკენ იყურებიან და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან უფრო სიამოვნებით მიდიან. თუ ჩვენ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუ გზებს არ შევაკეთებ, თუ საგზაო პოლიცია ისევ მშიერი გვეყოლება და თუ „ზვარტნოცის“ აეროპორტი ისევ ხარბი იქნება. თუ ასე გაგრძელდება, სომხეთი დაკარგავს თავის მთავარ ტურისტულ პარტნიორს - ირანს“.

ბეჭდვა