საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
კანონპროექტი განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა III მოსმენით.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ის ითვალისწინებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს 6 თვით გადაუვადდებათ საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადა და დაუწესდებათ საგადასახადო შეღავათები.
კერძოდ, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს, ანუ ბიუჯეტში არ შეიტანოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც დღეს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ III მოსმენით განსახილველად.