საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა იტალიას უკავშირდება
- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 30 იანვრიდან მოყოლებული საქართველოში 319 შესაძლო შემთხვევა იყო, რომელიც შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას ექვემდებარებოდა.
„აქედან უკვე დადასტურებულია 12 შემთხვევა. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 39 შემთხვევა იყო გამოკვლეული და აქედან 3-ზე დადებითი პასუხი იყო.~
უმრავლესობა ამ 12 შემთხვევისა დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტთან, 2 შემთხვევა კი დაკავშირებულია ირანში მოგზაურობასთან.
ამ დროისთვის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში კვირას დაბრუნდნენ, 76 ადამიანია შესწავლილი და ასევე 50 ადამიანის შესწავლა მიმდინარეობს.
მთავარია რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება და რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში მოსახლეობა უნდა მოგვეხმაროს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.