დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ დღეს
კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი მისი შვილია.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებამ არ იცის ვინ ვისი შვილია და ის ყველას თანაბრად ეხება.
„ჩემმა შვილმა ინფორმაცია ამის შესახებ თავად გაავრცელა, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ. ისინი არიან მისი თანამშრომლები და ორშაბათს სხდომაზე ერთად იმყოფებოდნენ. დიდი ალბათობით სწორედ მანდ მოხდა დაინფიცირება. პირველი ტესტი იყო საეჭვო, თუმცა შემდგომმა ტესტებმა კორონავირუსი დაადასტურმა.
გუშინ ის გადაყვანილი იქნა ერთ-ერთ საავადმყოფში. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, რომელიც თავად დაწერა და გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს ", - განაცხადა გამყრელიძემ.
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების დღეს კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ამირან გამყრელიძის შვილია.
ნიკოლოზ გამყრელიძემ ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.