ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საგარეო უწყება განაგრძობს აქტიურ კომუნიკაციას, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, ასევე საქართველოში მგზავრობის მსურველ უცხოელებთან
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საგარეო უწყება განაგრძობს აქტიურ კომუნიკაციას, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, ასევე საქართველოში მგზავრობის მსურველ უცხოელებთან
15:18 29.02.2020
საგარეო უწყება განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე. საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს დღეს კიდევ ერთხელ მიეწოდათ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მგზავრობის მსურველმა პირებმა, როგორც მაღალი რისკის ქვეყნებიდან, ასევე ზოგადად ვირუსის გავრცელების პირობებში მოგზაურობის დროს.

„24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები და სადაც კონცენტრირებულები არიან საქართველოს მოქალაქეები. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ეძლევათ ინფორმაცია და საჭირო კონსულტაცია საქართველოში მგზავრობის შესახებ და ასევე აუცილებელი პრევენციული ზომების თაობაზე. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები გავუზიარეთ ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დიასპორული ორგანიზაციების სახით. ასევე როგორც ცნობილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, არსებობს შეზღუდვები ფრენებთან და სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებით. კვლავ შეჩერებულია ფრენები ჩინეთთან, ირანთან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო მიმოსვლა შევაჩერეთ და ასევე იტალიაში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო ფრენების სიხშირე შეამცირა კომპანია ვიზეარმა და რაინეარმა. ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ინფორმაციის გაცვლას მათთან, როგორც საქართველოში არსებული ვითარების, ასევე მათ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდსა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ვებ-გვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება რეკომენდაციები როგორც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოში მგზავრობის მსურველთათვის.


ბეჭდვა