მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
11:19 29.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე მიხაელ ფაბრი და საელჩოს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსი დანიელ ჰაასი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშს მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. მის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ამგვარი ინტერნაციონალური მიდგომის შედეგად უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში თანამედროვე კვლევები განხორციელდება. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ამ მიმართულებით უკვე თანამშრომლობს „გერმანიის სიმსივნის კვლევით ცენტრთან“ და მათთან ერთად სამომავლოდ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაც იგეგმება.

შეხვედრისას მინისტრმა საქართველოს უმაღლეს და სამეცნიერო დაწესებულებებსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი პროექტები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ყურადღება გაამახვილა გერმანიის მხარის ჩართულობაზე პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. მისი თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), რომლის ხელშეწყობითაც ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული დუალური მოდელი დაინერგა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გერმანული მხარე აქტიურად ჩაერთვება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესიული კოლეჯის განვითარების პროცესში, სხვადასხვა აგრარული პროგრამის დანერგვისა და განხორციელების გზით.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს გერმანული ენის სწავლების გაძლიერების აუცილებლობას განათლების ყველა საფეხურზე, როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, ასევე პედაგოგებისათვის.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოსთან თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოხატა.



ბეჭდვა