მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულის საგანმანათლებლო პროექტის დეტალები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულის საგანმანათლებლო პროექტის დეტალები განიხილა
18:41 13.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში, პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარის მიერ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. პროგრამა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი ესწრებოდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციისთვის, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტს გააძლიერებს. აღნიშნული მოდელის კონცეფცია სრულ თანხვედრაშია USAID-ის ახალ პროგრამასთან და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამის იმპლემენტაციის პროცესი კოორდინირებულად წარიმართება.

თავის მხრივ, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა, მზადყოფნა გამოხატა სამომავლო თანამშრომლობისათვის როგორც პროფესიული განათლების მიმართულებით, ასევე სკოლებში სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების კუთხით.

ბეჭდვა