logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
EMC შეფასებით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა
EMC შეფასებით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა
11:42 13.01.2020
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმის მასალებს,განმახორციელებელი სპეცრაზმელისა და ოპერაციაში მონაწილე სხვა პირთა გამოკითხვის ოქმებს აფასებს და კვლავ გამოძიების ფორმალურობის, არაეფექტიანობისა და ილუზორულობის შესახებ უთითებს.

EMC-ს შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა. ასევე მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;

პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა EMC-ის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;

რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.

რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის მომავალშიც გაუზოარებს საზოგადოებას განოძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, EMC გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ითხოვდა საქმის საიდუმლო ნაწილზე დაშვებას (სპეცრაზმელთა მაიდენტიფიცირებელი პირადი მონაცემების დაცვით), თუმცა, თბილისის პროკურატურა მასალებს ამ დრომდე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არგუმენტით ასაიდუმლოებდა. მხოლოდ მიმდინარე წლის 10 იანვარს, როდესაც მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა, ჩვენ მოგვეცა საქმის საიდუმლო მასალების გაცნობის შესაძლებლობა. საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, მათ დაასრულეს ძიება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე და გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მასალა გაგვიზიარეს (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაშტრიხვით).
საქმის მასალები მოიცავს 32 სპეცრაზმელის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის შესაბამის კორესპოდენციას, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ჩატარების საკითხებს. როგორც საქმის მასალებით ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვა მნიშვნელოვანი მასალები, რომელთა გაზიარებასაც ჩვენ გამოძიების დაწყების მომენტიდან ვითხოვდით პროკურატურისგან, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება, სპეცოპერაციის ჩატარების წერილობითი გეგმა, სპეცრაზმელებისთვის გაცემული ინსტრუქციები, სპეცოპერაციის ჩატარების პროცესში მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების მექანიზმი და დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წერილობითი ფორმით არ დგებოდა და ამ საკითხებზე კომუნიკაცია მხოლოდ ზეპირად ხდებოდა.

აქვე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ საქმის ამ ნაწილში ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება გამოძიების დაწყების შედარებით გვიან პერიოდშია ჩატარებული და თბილისის პროკურატურის მოთხოვნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც წესი მოგვიანებით პასუხობდა. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოს 2017 წლის 30 დეკემბრის მიმართვაზე, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა ვინაობები, მათ შორის სროლის განმახორციელებელი პირის ვინაობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ 2018 წლის 1 თებერვალს გასცა პასუხი.

ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ 10 იანვარს ჩვენთვის გაზიარებული საქმის მასალების შინაარსს და ამ მასალებში გამოკვეთილ პრობლემებს.

1. სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის და სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირთა გამოკითხვის ოქმებით დადგენილი ინფორმაცია
გამოძიების დაწყებიდან თ. მაჩალიკაშვილის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების გამართლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ თითქოსდა ხელყუმბარის მეშვეობით ოთახში შესული სპეცრაზმელების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის არგუმენტით ცდილობს. ამ ვერსიის გათვალისწინებით, საქმეზე სიმართლის დადგენისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქმის იმ მტკიცებულებების ანალიზი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლას, მასთან შესაძლო კომუნიკაციას და ძალის გამოყენების ფაქტობრივ წინაპირობებს უკავშირდება. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას შემთხვევის ადგილზე მყოფი სპეცრაზმელების ჩვენებები წარმოადგენდა.
როგორც ჩვენ მიერ გაცნობილი საქმის მასალები აჩვენებს, თბილისის პროკურატურის მიერ, სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი რამდენჯერმე გამოიკითხა. თუმცა, არსებითი ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს მან 2018 წლის 1 თებერვალს და 2019 წლის 6 აგვისტოს მიაწოდა.

2018 წლის 1 თებერვლით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში სპეცრაზმელი უთითებს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დაახლოებით 03:30-04:00 საათებში დაიწყო სპეცოპერაცია დუისში. ხელმძღვანელის ბრძანების მიხედვით უშუალოს ის და მისი სამი თანამშრომელი უნდა შესულიყვნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახებში, ხოლო სხვა თანამშრომლები - პირველ სართულზე მდებარე ოთახებში. სპეცრაზმელის განმარტებით, თავად, მეორე სპეცრაზმელთან ერთად შევიდა სახლის მეორე სართულზე აივნის მარჯვნივ მდებარე პირველივე ოთახში. ოთახში შესვლამდე დაინახა, რომ ოთახში შუქი ენთო, კარი დახურული იყო, თუმცა არ იყო დაკეტილი. მომენტალურად შეაღო კარი, რამაც ხმაური გამოიწვია და დაახლოებით ორი ნაბიჯი გადადგა ოთახში შესასვლელად. მასვე ფეხდაფეხ მიყვებოდა მეორე სპეცრაზმელი.
აღსანიშნავია, გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, წინასწარ ჰქონდათ თუ არა სპეცრაზმელებს ინფორმაცია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პირველ საძინებელ ოთახში იმყოფებოდა და აგრეთვე ჰქონდათ თუ არა წინასწარ მისი და მისი ოჯახის წევრების ფოტოსურათები ნანახი.

სროლის განმახორციელებელი პირის განმარტებით, შესვლისთანავე დაინახა საწოლში ნახევრად მწოლიარე თ. მაჩალიკაშვილი, რომელსაც საბანი ნიკაპამდე ჰქონდა დაფარებული და ხელები არ უჩანდა. სპეცრაზმელის განმარტებით, მან მაშინვე მოუწოდა თემირლან მაჩალიკაშვილს რომ ხელები ეჩვენებინა და სხვა ზედმეტი მოძრაობა არ გაეკეთებინა. თუმცა, თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა მის ბრძანებას, ხელი კრა საბანს, გადაიწია მისგან მარჯვნივ, საწოლიდან ამოიღო ხელყუმბარა, შემდგომ ისევ გადმოიწია მარცხნივ და შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას, რა დროსაც სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით, რომელსაც ტყვია თავის არეში მოხვდა და ხელყუმბარა ხელიდან გაუვარდა. არც ერთ სპეცრაზმელი არაფერს ამბობს იმის შესახებ ეჭირა თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს ტელეფონი. ამ საკითხზე კითხვები არ არის დასმული თავად პროკურატურის მიერ.

სპეცრაზმელის განმარტებით, გასროლის შემდგომ, თავად მივიდა საწოლთან, გადახადა საბანი, რათა ენახა რაიმე საფრთხის შემცველი ნივთი კიდევ ხომ არ იყო. მასთან ერთად, მყოფი სპეცრაზმელი სროლისთანავე შეყვა ოთახში და აგრეთვე მცირე ხანში, უსაფრთხოების შემოწმების დასრულებისთანავე, ოთახში შევიდა კიდევ ერთი სპეცრაზმელი. თავად სროლის განმახორციელებელმა პირმა დატოვა ოთახი, გამოვიდა აივანზე, სადაც ნახა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის და, ნატა მაჩალიკაშვილი ძირს იწვა და თავზე ერთ-ერთი სპეცრაზმელი ადგა, ამიტომ წამოაყენა ნატა მაჩალიკაშვილი და ქვემოთ პირველ სართულზე ჩაიყვანა, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელთანაც რამდენიმე წუთით გაჩერდა და შემდგომ კვლავ ავიდა თ. მაჩალიკაშვილის საძინებელში. მისი განმარტებით, ამ დროს სუს-ის სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლები თ. მაჩალიკაშვილს პირველად დახმარებას უწევდნენ და ელოდებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი, გამოკითხვის ოქმში აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იარაღში მასრის ჩაჭედვისა და ავტომატის ნაწილის შეცვლის თაობაზე და მისი განმარტებით, მასრა გასროლის შემდგომ არ გადმოვარდა, იგი მხოლოდ ბაზაზე დაბრუნების შემდგომ, იარაღის განმუხტვის შედეგად ამოიღო. სუს-ის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომელმა შეცვალა იარაღის დაზიანებული ნაწილი, თუმცა დოკუმენტურად აღნიშნული მოქმედება არსად დაუფიქსირებიათ. სპეცრაზმელის განმარტებით, იარაღი მოწმდება საბრძოლო მდგომარეობაზე, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში გასროლამ გამოიწვია მასრის ამომგდები მექანიზმის დაზიანება.

სროლის განმახორციელებელი პირის აღნიშნულ გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას ფაქტობრივად იმეორებს ოთახში მყოფი მეორე სპეცრაზმელი და ამატებს, რომ თ. მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა მარჯვენა ხელში ეჭირა, ხოლო ოთახის გარეთ, აივანზე მდგომი ორი სპეცრაზმელი საგამოძიებო ორგანოს უთითებს, რომ მოულოდნელად გაიგეს სროლის ხმა ოთახიდან და ოთახში შესვლის შემდგომ სროლის განმახორციელებელმა პირმა განმარტა, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა მის ბრძანებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც გასროლა განახორციელა. ოთახში შესული სპეცრაზმელის განმარტებით, ხელყუმბარა იატაკზე ეგდო. თუმცა, გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე ზუსტად სად ეგდო ხელყუმბარა.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვის ოქმები არსებითად იდენტურია და სპეცრაზმელთა ნაწილი საერთოდ არ შესულა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში და მათ გასროლის შემდგომ ხელის რადიოსადგურზე გადაცემით შეიტყვეს დაჭრის ფაქტის შესახებ და მოგვიანებით ბაზაზე დაბრუნებისას სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა მის ბრძანებას და გასროლა განახორციელა.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვის ოქმები გარკვეულ შეუსაბამობას შეიცავს სროლის დროსთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეცრაზმელთა ნაწილი უთითებს, რომ სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განხორციელდა გასროლა, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ხოლო ეზოში მყოფი სპეცრაზმელების მითითებით ძირითადი ჯგუფის მეორე სართულზე ასვლიდან რამდენიმე წამში გაიგეს სროლის ხმა და შემდგომ რაციით შეიტყვეს, რომ ობიექტი დაჭრილი იყო.

დროითი შეუსაბამობის მიღმა საყურადღებოა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი, საგამოძიებო ორგანომ, მომხდარიდან მხოლოდ ერთი თვის შემდგომ გამოკითხა. აგრეთვე, სპეცრაზმელის გამოკითხვის ოქმის თანახმად თემირლანმა ხელყუმბარა საწოლიდან ამოიღო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული საწოლის უშუალოდ რა ნაწილიდან და როგორ განახორციელა ამოღება. აგრეთვე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ არის კითხვა დასმული ოთახში შესვლის პერიოდში და პირველი გაფრთხილების შემდგომ რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან. ამასთან ერთად, ოთახის გარეთ მდგომი სპეცრაზმელების განმარტებით, მათ მოულოდნელად გაიგეს სროლის ხმა ოთახიდან. ორივე სპეცრაზმელის მიერ მითითებული მათი დგომის ლოკაციის გათვალისწინებით (უთითებენ, რომ ოთახთან ახლოს იდგნენ) და იმ პირობებში, რომ სპეცრაზმელმა ოთახის კარი გააღო, ყველა შემთხვევაში უნდა გაეგოთ სპეცრაზმელის მოწოდება და თ. მაჩალიკაშვილთან ნებისმიერი კომუნიკაცია მისი არსებობის შემთხვევაში. თუმცა, გამოკითხვის ოქმების მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ სპეცრაზმელის რაიმე განმარტება მათ არ გაუგიათ და გასროლაც მოულოდნელი იყო, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა სპეცრაზმელმა ოთახში შესვლისთანავე, რაიმე განმარტების გარეშე განახორციელა, რაც ბუნებრივია ოთახში ხელყუმბარის არარსებობაზე ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს.
ამასთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელის ჩვენებით, რომელიც უკვე შეფასა EMC-იმ, დგინდება, რომ სპეცრაზმელებმა გასროლის შემდგომ დაახლოებით 2 საათი დაყვეს თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში და ამ ხნის განმავლობაში სხვა პირებს, მათ შორის სუს-ის გამომძიებლებს სახლში შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

2. თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულის მდებარეობა გასროლის მომენტში, ხელყუმბარის მდებარეობა გასროლის შემდგომ და მასთან დაკავშირებული შემდგომი მოქმედებებისა შეფასება

თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან ხელყუმბარის თითქოსდა ფლობისა და გააქტიურების შესაძლებლობის არსებობის დადასტურებისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს გასროლის მომენტში მისი სხეულის მდებარეობა და ხელყუმბარის შემდგომი მდებარეობა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა და სურათის აღდგენა ბუნებრივია მხოლოდ ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კითხვები საგამოძიებო ორგანოს სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელისთვის პირველი გამოკითხვის დროს არ დაუსვამს და შესაბამისი შეკითხვები, მხოლოდ 2019 წლის 6 აგვისტოს გამოკითხვის ოქმშია მითითებული, უფრო კონკრეტულად კი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გასროლის მომენტში თერმიალნ მაჩალიკაშვილის სხეულის მდებარეობის განსაზღვრის შემდგომ, რომელიც ადასტურებდა თ. მაჩალიკაშვილის მწოლიარე მდგომარეობას და გასროლის მომენტში მისი სხეულის სხვაგვარ მდგომარეობაში ყოფნის შეუძლებლობას.

სპეცრაზმელის პირველი განმარტებით, თ. მაჩალიკაშვილი ჯერ გადაიხარა მარჯვნივ, შემდგომ მარცხნივ და შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას, ხოლო მას შემდეგ რაც ექსპერტიზით დადგინა, რომ თ. მაჩალიკაშვილი იყო საწოლის თავზე მიყენებული დაზიანების ქვემოთ და ვერ იქნებოდა ვერტიკალურ პოზიციაში, სპეცრაზმელი შემდგომ გამოკითხვის ოქმში აკონკრეტებს, რომ მარჯვნიდან მარცხნივ გადახრის მომენტში, თ. მაჩალიკაშვილი იყო ოდნავ წამოწეულ მდგომარეობაში და თავი არ ჰქონდა მიდებული საწოლზე. გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული რა იგულისხმება წამოწეულ მდგომარეობაში, კერძოდ, თ. მაჩალიკაშვილი ტორსით იყო წამოწეული თუ მხოლოდ თავი ჰქონდა წამოწეული? ექსპერტიზის დასკვნებით (ბალისტიკური ექსპერტიზა, კომპლექსური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა) დადგენილია, რომ სროლის კვალი აღმოჩენილია საწოლზე არსებულ ბალიშზე, რომელსაც თ. მაჩალიკაშვილი თავის მისადებად იყენებდა და აგრეთვე საწოლის თავზე. სწორედ ამ დაზიანებების მიხედვით ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული მოდელირების დროს დადასტურდა, რომ თ. მაჩალიკაშვილი ოდნავ წამოწეული თავით მწოლიარე მდგომარეობაში იყო.

რაც შეეხება ხელყუმბარის განთავსების საკითხს, გამოძიების საწყის ეტაპზე, საქმის ფოტომასალის გაცნობის შემდგომ ჩვენთვის აღქმადი გახდა, რომ თითქოსდა თ. მაჩალიკაშვილის მფლობელობაში არსებული ხელყუმბარა განთავსებული იყო მისი საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის ხელმარცხნივ პატარა ხალიჩაზე. ბუნებრივია გაჩნდა კითხვა თუ როგორ აღმოჩნდა ხელყუმბარა საწოლიდან მოშორებით ხალიჩაზე, რაზეც საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით, გასროლის შემდგომ ხელყუმბარა გამნაღმელებმა გააუნებელყვეს. გამოკითხვის ოქმებში განმაღმელები უთითებენ, რომ ოთახში შესვლისას ხელყუმბარა იდო შესასვლელი კარის მარცხნივ ხალიჩაზე და განმუხტვის შემდგომ მათ იმავე ადგილზე განათავსეს და ამფეთქი ფალიაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დადეს. როგორც ჩანს ხელყუმბარის თავდაპირველი ადგილის თვითნებური შეცვლა არა გამნაღველების, არამედ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში მყოფი სპეცრაზმელების მიერ მოხდა.

2019 წლის 6 აგვისტოს გამოკითხვის ოქმში სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი აზუსტებს, რომ ხელყუმბარა გასროლის შემდგომ თ. მაჩალიკაშვილს ხელიდან გაუვარდა, საწოლზე დავარდა (თუმცა, არ აკონკრეტებს ზუსტად სად დავარდა) და მან უსაფრთხოების მიზნით აიღო ხელყუმბარა, რომელსაც მორგებული ჰქონდა ამფეთქი ფალია და გადადო შესასვლელი კარის მარცხნივ პატარა ხალიჩაზე და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელეს განმაღმელებმა ხელყუმბარის განმუხტვა. ამგვარი განმარტების მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოს არ აქვს დასმული შეკითხვა რამდენად უსაფრთხო იყო ფალია მორგებული ხელყუმბარის საწოლიდან გადატანა განაღმვის გარეშე და რატომ მაშინვე არ უზრუნველყო მსროლელმა განმაღმელთა ჯგუფის გამოძახება. აგრეთვე საგამოძიებო ორგანოს არ აქვს დასმული კითხვა, რატომ შეუცვალა მნიშვნელოვან მტკიცებულებას ადგილი თავად დაინტერესებულმა პირმა და რატომ არ არსებობს ხელყუმბარის თავდაპირველი მდებარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

მსგავსი განმარტებების და სპეცრაზმელის ჩვენების ყოველი შემდგომი დაზუსტების პირობებში ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო ორგანო ცდილობს კონკრეტული კითხვების დასმას თავი აარიდოს, სპეცრაზმელი ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლება და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგად ცალკეული გარემოებების დადგენის შემდგომ, მათთან შესაბამისობის მიზნით გააკეთოს ცალკეული დაზუსტებები.
3. საქმის საიდუმლო ნაწილით დადგენილი სხვა ცალკეული გარემოებები
საქმის ე.წ. საიდუმლო მასალების გაცნობის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში სპეცოპერაცია განხორციელდა წერილობით არსებული გეგმის და წერილობითი ინსტრუქციების გარეშე განხორციელდა და ოპერაციის დასრულების შემდგომ აგრეთვე არ მომზადებულა წერილობითი ანგარიში. სპეცრაზმელებმა გამოკითხვის ოქმებში დაადასტურეს, რომ ჯგუფს ხელმძღვანელმა პირებმა ზეპირად გააცნეს სამოქმედო გეგმა, რაიმე წერილობითი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა და არ დამატებითი ინსტრუქციები მიუღიათ.

მთავარი ინფორმაცია იყო ის რომ დასაკავებელი პირები კავშირში იყვნენ ა. ჩატაევთან და შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა, ჰქონდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ინფორმაცია, ან აწარმოებდა თუ არა დასაკავებელ პირთა მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, საქმის მასალებში მითითებული არ არის და არც შესაბამისი კითხვაა დასმული.

აგრეთვე, სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ოპერაციის დასრულების შემდგომ წერილობითი ანგარიში არავის მოუმზადებია და მან ხელმძღვანელ პირებს ზეპირად მოახსენა მომხდარის თაობაზე.
ოპერაციაში მონაწილე პირები აგრეთვე უარყოფენ თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ არასათანდო მოპყრობის ფაქტს, თუმცა ადასტურებენ, რომ ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ოთახებში განათავსეს და სპეცრაზმის გასვლამდე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს.
ამასთან ერთად, რამდენიმე სპეცრაზმელი უთითებს, რომ თ. მაჩალიკაშვილს ქუდი არ ეხურა და მის საწოლში ყურსასმენი არავის უნახავს. ამ ინფორმაციის მიუხედავად ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ ქუდზე ცეცხლნასროლი კვალია, ხოლო EMC-ის მიერ მოპოვებული ფოტოსურათებით დგინდება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლოგინში სავარაუდოდ ყურსასმენები ეგდო, რომელიც სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, ქმნის ვარაუდს, რომ თემირლანი სპეცოპერაციის დაწყების მომენტში მათ იყენებდა. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ თავად სპეცრაზმელებიც კატეგორიულად ვერ უთითებენ გაიგო თუ არა თ. მაჩალიკაშვილმა მათი ასვლა აივანზე და შეეძლო თუ არა მას მომზადება.


შეჯამება: ზემოთ აღნიშნულის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგამოძიებო ორგანოს სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად განახორციელა, რამდენადაც კონკრეტული და საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები არ არის დასმული მათ მიმართ მიმართ. მათ შორის, გამოკითხვის დროს არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

• საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა;

• თუ ხელყუმბარა აიღო თემირლან მაჩალიკაშვილმა რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;

• პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;

• რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თ. მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და სხვაგვარი ზიანის მიყენებით არ შეეცადა მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.

• რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.
სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ფუნდამენტურ შეუსაბამობას მათ შორის. არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილს იმყოფებოდნენ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ
1. სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე. სუს-ს არ მოუხდენია დასაკავებელი პირების და მათგან მომდინარე შესაძლო რისკების სათანადო შესწავლა და მასშტაბური სპეცოპერაცია მხოლოდ ზოგად საფრთხეებზე მითითებით დაგეგმა. კერძოდ, საქმის მასალებში მითითებული არ არის და არც შესაბამისი კითხვაა დასმული იმის შესახებ ჰქონდა თუ არა სუს-ს კონკრეტული ინფორმაცია, ან აწარმოებდა თუ არა ის დასაკავებელ პირთა მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. სპეცრაზმელები მხოლოდ იმაზე უთითებენ, რომ მათ იცოდნენ, რომ დასაკავებელი პირები ა. ჩატაევთან იყვნენ დაკავშირებული. ამასთან, გამოკითხვის ოქმები ასევე არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, წინასწარ ჰქონდათ თუ არა სპეცრაზმელებს ინფორმაცია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პირველ საძინებელ ოთახში იმყოფებოდა და აგრეთვე ჰქონდათ თუ არა წინასწარ მისი და მისი ოჯახის წევრების ფოტოსურათები ნანახი.

2. სპეცოპერაცია სათანადო ანალიზის, მომზადებისა და კოორდინაციის გარეშე ჩატარდა. სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მის შემდგომ მონიტორინგის პროცედურები. ცხადია, რომ რეპრესიული აპარატის ამ მასშტაბით გამოყენების პირობებში ანალიზის, პრევენციის და მონიტორინგის პროცედურების უგულებელყოფა ძალის გადამატების და ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკს ქმნიდა. ეს მიგნება სუს-ის შიგნით ინსტიტუციურ გამოწვევებზე უთითებს და არსებული პრაქტიკის რადიკალური ცვლილების საჭიროებას აყენებს.

3. გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა. თითქოსდა წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით სპეცრაზმელების განმარტებები არაზუსტი, უსაფუძვლო და წინააღმდეგობრივია, რამაც ძალის გამოყენების აუცილებლობის წინაპირობების შესახებ სუს-ის მტკიცება კიდევ უფრო არადამეჯერებელი გახადა.

4. ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთის მხრივ გაფრთხილების არ გამოყენების და მეორეს მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არ გამოყენების გარემოებები ადასტურებს.

5. სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. იმ პირობებში, როდესაც სპეცრაზმელების ჩვენებით დადასტურდა, რომ ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ცვლილება სწორედ დაინტერესებული სპეცრაზმელების და არა გამნაღველების მიერ მოხდა, ცხადია, რომ დანაშაულის ადგილზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ფალსიფიცირების შესახებ ჩვენი ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა.

მთლიანობაში ჩვენი შეფასებით მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC გამოძიების წინაშე დამატებით მოთხოვნებს დააყენებს, მათ შორის,
1. სროლის განმახორციელებელი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემობებთან შესაბამისობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის გააქტიურების შესაძლებლობის გარემოების დადგენის მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც ამ დრომდე არ განხორციელებულა;

2. ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალი გამოკითხვა და გამოტევებული და დაუზუსტებელი კითხვების დასმა, რაზეც მათ შორის ზემოთ იყო მითითებული.

გამოძიებასთან დაკავშირებულ შემდგომ სიახლეებს EMC საზოგადოებას მომავალში ასევე გაუზიარებს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფსაებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა