თბილისის მერი მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო
13:55 24.08.2019
ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა „საპარტნიორო ფონდს“ პროექტის განხორციელებისთვის, რაშიც, მისი თქმით, დიდია ბელარუსის პრეზიდენტის და მინსკის მთავრობის წვლილი.

„ეს სივრცე იმდენად საინტერესო, ქართული ისტორიის, ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შემცველია, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიზიტორი ისიამოვნებს მისი გაცნობისას. მინდა, წარმატება ვუსურვო მის დამფუძნებლებს და იმედი გამოვთქვა, რომ „ქართული სახლი“ საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსი ხალხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ქართველები ბელარუსი ხალხის გვერდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბიზნესს დღეიდან აქვს შესაძლებლობა, შესთავაზოს მინსკელებს და მინსკის სტუმრებს ქართული პროდუქცია.

„თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, მინსკში „საპარტნიორო ფონდმა“ „ქართული სახლი“ გახსნა. პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა, ბიზნესწრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

ბეჭდვა