გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში
გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის მიუხედავად, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობენ და კოორდინირებას პირადად უწევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის კერებთან დარჩებიან და ქრობას განაგრძობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე, ასევე, დარჩება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც.
მთელი დღის განმავლობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებმაც, ჯამში, 85-მდე გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 160 ტონაზე მეტი წყალი დაასხეს.