სენაკში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა
სენაკში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა
16:16 28.07.2019
დღეს, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გასვლითი სკრინინგ აქცია გაიმართა.

მთელი დღის განმავლობაში, პილოტური პროგრამის ფარგლებში, სენაკის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების, კლინიკა ,,არქიმედეს“ და დევნილთა პოლიკლინიკის ექვსი მობილური ბრიგადა, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებსა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა დაწესებულებებში, C ჰეპატიტის სკრინინგ გამოკვლევას ატარებს და მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს.

6 წლის წინ, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან 54 000 ადამიანი განიკურნა და საქართველო გლობალური ლიდერი გახდა.

28 ივლისი - ჰეპატიტის მსოფლიო დღე - ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა მიზნით, სახელმწიფო, სამედიცინო და სამოქალაქო სექტორებს აერთიანებს.

1967 წელს, ნობელის პრემიის ლაურეატმა - ბარუხ სამუელ ბლუმბერგმა - B ჰეპატიტის ვირუსი აღმოაჩინა. ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი სწორედ მის პატივსაცემად შეირჩა.


ბეჭდვა