კალათბურთელთა თვრამეტწლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მარცხის გარეშე ლიდერობს
კალათბურთელთა თვრამეტწლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მარცხის გარეშე ლიდერობს
13:31 28.07.2019
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეტოქეებს აღარ ინდობს.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) მორიგი გამარჯვება დანიასთან მოიპოვა. ქართველებმა მეტოქე 45 ქულით – 85:40 დაამარცხეს. ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში სლოვაკეთის 35 ქულით ძლევის შემდეგ ეს გახლავთ ჩვენი გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება. საქართველოს ნაკრები 2-დან 2 გამარჯვებით B ჯგუფში ლიდერობს და ხვალ, 28 ივლისს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის – ქართველები ასევე 2 გამარჯვების მქონე ჩრდილოეთ მაკედონიას ხვდებიან და გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად ხომ გალიდერდება და ფაქტობრივად, პლეი ოფში გასვლის საგზურს გაინაღდებს.

დანიასთან მატჩი იყო ერთგვარი გასეირნება ქართველებისთვის. 45 ქულით მოგებულ მატჩს რომ მწვრთნელი სათავისოდ, გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებდა, რა თქმა უნდა და ასეც მოხდა. პირველი ნახევრის შემდეგ სკანდინავიელებს კიდევ ჰქონდათ შანსი – მხოლოდ 12 ქულით აგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქეს, რომ იტყვიან, შანსი არ დაუტოვეს და დასკვნითი 10-წუთეულის წინ 27 ქულით დაწინაურდნენ.

საბოლოოდ ქართველებმა გამანადგურებელი სხვაობით მოიგეს და ერთადერთი, რაც ცუდი მოხდა, საბა გიგიბერიას ტრავმა გალხდათ. მატჩის ბოლო წუთებზე ჩვენი გუნდის ყველაზე ტანმაღალმა კალათბურთელმა ფეხი ამოიბრუნა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის შეძლებს საბა თამაშს. ექიმების პასუხი მეორე დღეს გახდება ცნობილი.

გიგიბერია მატჩის ყველაზე სარგებლიანი მოთააშე გახლდათ. 15:13 წუთში მან 12 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა და მთავარი – საბამ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მატჩში უმეტესი – 20 ერთეული შეადგინა. ამ მხრივ შემდეგია რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 14 ქულა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 13 წუთში 15 ქულა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. რაც მთავარია, გაფრინდაშვილმა 5 სამქულიანი ჩააგდო. ტურნირის 2 მატჩში მის ანგარიშზე 8 სამქულიანია.

ჩვენი ჯგუფის სხვა თამაშებში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:

უკრაინა – ჩრდ. მაკედონია 71:73
ირლანდია – სლოვაკეთი 89:57

შემდეგი მატჩი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანკიას გუნდი ჯგუფის მთავარ კონკურენტს, 2-დან 2 გამარჯვების მქონე ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.
ბეჭდვა