-ურთიერთობები უცხოეთთან საერთაშორისო სემინარის „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიური ცოდნა ხელნაწერებსა და არტეფაქტებში“ გახსნა გაიმართება
-ურთიერთობები უცხოეთთან საერთაშორისო სემინარის  „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიური  ცოდნა ხელნაწერებსა და არტეფაქტებში“ გახსნა გაიმართება
17:46 26.06.2019
27 ივნისს, 10:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება საერთაშორისო სემინარი „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიური ცოდნა ხელნაწერებსა და არტეფაქტებში“.

აღნიშნული სემინარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტის (ბერლინი) ორგანიზებით ტარდება.

სემინარის მუშაობაში ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მათი კოლეგები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ა.შ.შ.-დან.

სემინარის თემატიკა მოიცავს ხელნაწერებში ასახული მეცნიერების ისტორიის საკითხების ფართო სპექტრს და ასეთივე ფართო კულტურულ და გეოგრაფიულ არეალს.

ერთობლივი სემინარის მიზანია მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტების დამყარება, აგრეთვე კვლევების მეთოდიკისა და თემატიკის გაცნობა და გაზიარება.

ღონისძიებაზე გაიხსნება ასევე გამოფენა. საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე გამორჩეული ხელნაწერი.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გახსნა ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს ეძღვნება.

საერთაშორისო სემინარის გარდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის ლექციები. აღნიშნული ღონისძიებები დასტურია იმისა, რომ უცხოელ მეცნიერებს დიდი ინტერესი აქვთ ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ. ცენტრის 61 წლიანი არსებობის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სხვადასხვა ცნობილ მკვლევართან, სამეცნიერო ცენტრთან, უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტთან ურთიერთობა.

ბეჭდვა