ცესკო: 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 13.2 პროცენტია
ცესკო: 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 13.2 პროცენტია
14:11 09.06.2019
ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ, მედიას ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 13.2%, რაც რაოდენობრივად არის 5 814 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 10.4%.

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მივიდა სამგორის ოლქის ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას გადაამოწმებს და ჩაინიშნავს. მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული შესაბამის უბნებზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, პრეს-სპიკერის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთი საჩივარი, რაც უბნის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარს ეხება.

ბეჭდვა