ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს საქართველოში დაგეგმილია დაინტერესებული მხარეების მაღალი
რანგის შეხვედრა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WaSH) ადამიანის უფლებათა ჭრილში. შეხვედრის მიზანია წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაცნობა როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე, შემდგომში WaSH საკითხების პრიორიტიზირების მიზნით.
ღონისძიება გაიმართება 28 მაისს, 9:30 საათიდან 14:30 საათამდე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ:
• ალექსანდრე დარასი, ატაშე, კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი, ევროკავშირის დელეგაცია
• ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
• თამარ გაბუნია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
• ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე
• ნანა ჯანაშია, აღმასრულებელი დირექტორი, CENN
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები შესაბამისი სამინისტროების გადაწყვეტილების მიმღები პირების, მუნიციპალიტეტების მერების, თემატური ექსპერტებისა და სხვა მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. ამასთან, სემინარზე განხილული იქნება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის საკითხი ადამიანის უფლებათა ჭრილში და წარდგენილი იქნება ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციატივა WaSH გამოწვევების საპასუხოდ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საკანონმდებლო სივრცის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, დიარეა მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ფატალურ შემთხვევათა 88% განპირობებულია დაბინძურებული სასმელი წყლითა და არაადეკვატური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. აღსანიშნავია, რომ წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვისაც. 2010 წლის შემდეგ წყლის ხარისხის შემოწმება სკოლების მხოლოდ 10%-ში განხორციელდა ხოლო საჯარო სკოლების 70%-ზე მეტს წყლის გაუვნებელყოფა არასოდეს განუხორციელებია.
შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე, გაიმართება ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული პოლიტიკის ანალიზის და რეკომენდაციების დოკუმენტებისა და წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის ტექნიკური შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის ანალიზისა და რეკომენდაციების დოკუმენტები მომზადდა ეროვნულ დონეზე ცენტრალური, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრა იმართება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ქალი და სამყაროსთან (WW) ერთად.