გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეთა კონფერენცია პირველად გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეთა კონფერენცია პირველად გაიმართა
16:19 18.05.2019
18 მაისს, პირველად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში , სასტუმრო „ამბასადორში“, მევენახეთა კონფერენცია გაიმართა.

პროექტი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტის და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

კონფერენციის მთავარი თემა – „მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“ იყო, რის შესახებაც სხვადასხვა ჭრილში, ფართოდ ისაუბრეს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

მევენახეთა კონფერენცია, პროექტის ინიციატორმა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, პარალემნტის წევრმა, გელა სამხარაულმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მასპინძლის როლში მიწევს თქვენთან შეხვედრა. მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტში, პირველად ვმართავთ მევენახეთა კონფერენციას და ვიმედოვნებ, რომ ეს ტრადიციად აუცილებლად გადაიქცევა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ინფორმირებულობა ისეთ საკითხებზე, რაც შემდგომში განაპირობებს თითოეული მევენახისა და მეღვინის წარმატებას, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მხარდამჭერები მსგავსი პროექტების ინიცირებისა და განხორციელებისა. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქპატენტს, მუდმივი მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მევენახეთა კონფერენცია 2019-ს მევენახეები მთელი საქართველოდან, აგრარული მიმართულების სტუდენტები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.
ბეჭდვა