იუსტიციის სახლი საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლეს სისტემას ნერგავს
იუსტიციის სახლი საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლეს სისტემას ნერგავს
17:55 08.05.2019
დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის უახლესი სისტემა, კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება, ხარჯების შემცირება, კრიზისული სიტუაციების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, თანამშრომელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება და პროდუქტიულობის გაზრდა, ორგანიზაციის განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტაცია − იუსტიციის სახლი ნერგავს კიდევ ერთ ინოვაციურ სისტემას − საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს. უწყება რეგიონის მასშტაბით პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილ და აპრობირებულ სისტემას (CAF) გამოიყენებს.

საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის დანერგვის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 8 მაისს გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელ ლუიზა ვინტონსა და დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკენზი სმიტთან ერთად გახსნა, რომლებიც იუსტიციის სახლს ინოვაციური სისტემის დანერგვაში ეხმარებიან. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, „CAF“-ის ექსპერტი ნიკ თიისი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანი საჯარო სექტორისათვის გამოცდილების გაზიარებაა. იუსტიციის სახლი პირველი ორგანიზაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელიც საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის გამოყენებას დაიწყებს, შემდგომში კი დაეხმარება სხვა სახელმწიფო უწყებებს „CAF“-ის სისტემის დანერგვის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას და სახელმწიფო უწყებებში ხარისხის მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას.



„CAF“-ის სისტემა არის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო სექტორს ეხმარება საქმიანობის შეფასებასა და ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფაში, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაში, მაღალი ხარისხის მომსახურების შენარჩუნებით ხარჯების შემცირებაში, კრიზისული სიტუაციების მართვაში, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების/შესაძლებლობების გაზომვაში; ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომელთა მოტივაციის, კვალიფიკაციის, პროდუქტიულობის გაზრდაში, ორგანიზაციის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაში.

საჯარო დაწესებულების საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემის (CAF) იუსტიციის სახლში დანერგვის პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოები ამ მიმართულებით იუსტიციის სახლმა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის საქმის პირველი მოცულობითი ნაწილი უკვე დასრულებული აქვს.

საქმიანობის შეფასებისა და ხარისხის განვითარების უახლესი სისტემა (СAF) სპეციალურად საჯარო სექტორისათვის ევროპაში შემუშავდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4500-მდე საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება.
ბეჭდვა