პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა
15:11 03.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს, რომელიც საქართველოში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის სესიის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებზე, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამ კონტექსტში პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განიხილეს აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების პერსპექტივა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ მხარეს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრისას, ასევე ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
ბეჭდვა