ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით - ებრაელი თემი საქართველოს ეროვნული ისტორიის განუყოფელი ნაწილია
ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით - ებრაელი თემი საქართველოს ეროვნული ისტორიის განუყოფელი ნაწილია
10:16 02.05.2019
„ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და თანადგომას გამოხატავს ებრაელი ერის მიმართ.

„დღეს, 1 მაისს ებრაული სამყარო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამ დარბაზში იმყოფებიან ის ადამიანები, რომელთა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ჰოლოკოსტის სისასტიკე. საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ამ საკაცობრიო ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას და გამოხატავს თანადგომას მათი შთამომავლების და მთლიანად ებრაელი ხალხის მიმართ.
ჰოლოკოსტი ანუ შოა, როგორც მას ებრაულად უწოდებენ, არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ცალკეული გამოვლინებები სწორედ ამ ავადსახსენებელი სენის გამოვლენის გამოძახილია.

მისივე თქმით, დიდი დაცემის შემდეგ, ებრაელმა ხალხმა ფეხზე დადგომა და მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოს შექმნა შეძლო.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ებრაელი თემი საქართველოს ეროვნული ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„მინდა ჩვენს ისრაელელ სტუმრებს, ჩვენს მეგობრებს ვუთხრა, საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და იმავეს გრძნობდა ებრაელი ხალხისგან. საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო მსოფლიო ებრაულ სააგენტოს - სოხნუთს და დაიწყო დიდი ალია. ეს არც არის გასაკვირი - ებრაელი თემი საქართველოს ეროვნული ისტორიის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ 26 საუკუნის მანძილზე ერთმანეთს ვეხიდებოდით, ვავსებდით და ვამდიდრებდით ერთმანეთის კულტურას“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ურთიერთობების სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავებაზეც და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისრაელთან ურთიერთობას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„მინდა მივესალმო ამ ღონისძიების ორგანიზატორს, „ისრაელის სახლს“ და აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი რგოლია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში. ჩვენი სახელმწიფო ისრაელთან ურთიერთობებს პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ კონტექსტში დიდი სითბოთი ვიხსენებ 2017 წელს, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს, რომელიც ჩემი პირველი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტი იყო პარლამენტის თავმჯდომარის რანგში. სწორედ ასეთ კავშირებზე, მემკვიდრეობაზე, ისტორიულ მეხსიერებაზე დაყრდნობით უნდა განვავითაროთ საქართველო-ისრაელის სამომავლო ურთიერთობები ქართველი და ებრაელი ხალხის საკეთილდღეოდ. ქედს ვიხრი ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ებრაელების ხსოვნის წინაშე. ქედს ვიხრი გმირი ებრაელი ხალხის წინაშე“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქნესეთის (პარლამენტი) მმართველი კოალიციის ლიდერმა, დავიდ ბიტანმა, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ხილიკ ბარმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ.

ხსოვნის საღამოზე გაიმართა „ისრაელის სახლისა და ქნესეთის თაოსნობით, ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად „მართლად“ აღიარებული სერგი მეტრეველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, ასევე, ჰოლოკოსტისა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

ღონისძიებას, რომელიც „ისრაელის სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, დეპუტატები, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბეჭდვა