მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლები B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლები B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ
12:19 17.04.2019
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე განახორციელონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტაქსების რეფორმის განხორციელება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მიმართულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მოწესრიგდეს. სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთია ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით გასულ წელს დავგეგმეთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს რეფორმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული სერვისით სარგებლობენ, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რეფორმამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები მიიღო, რაც გულდასაწყვეტია. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ჩვენი ქალაქისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა უნდა იყოს. ის დამოკიდებულება და გზავნილები, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენდით, ნამდვილად არ არის მისაღები. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებმა სპეციალური საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელთანაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. შეხვედრების დროს, მძღოლების თხოვნა იყო, რომ მერიას მათთვის დროებით, გარკვეული შეღავათები დაეწესებინა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოსაზრებები გავითვალისწინეთ. რასაკვირველია, ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება და მის გადავადებას არ განვიხილავთ. რეფორმის თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც არის ვადა - პირველი ოქტომბერი, ვიზუალური მხარე - თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა, ინტერიერის ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რასაც საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ფირის გადაკვრის ვაუჩერები დაემატა, თითოეული ეს დეტალი ძალაში რჩება. მძღოლებს ექნებათ ალტერნატივა და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - ფირის. აქვე მინდა მოვუწოდო ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც უკვე აიღო ვაუჩერი, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს ეხება, 2020 წლის ბოლომდე გადავადდება და 2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე ასევე, მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემა გაგვეთვალისწინებინა. აგვიხსნეს, რომ ერთი წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მომზადებულიყვნენ. გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული თარიღი 2020 წლის ბოლომდე გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ცვლილება ავტომატურად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განმარტა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, კახა კალაძის განცხადებით, მათთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა სიახლე, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის შედეგად განხორციელდება.

„ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის მსგავსი ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ეს მხოლოდ ტაქსების რეფორმას არ ეხება. სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსგავსი რეფორმა ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მარშრუტების გადალაგება, რაზეც დიდი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოგვიწევს. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა შეთანხმება - პირველი: შემოგვაქვს ფირის უფასოდ გადაკვრის კომპონენტი და მეორე: მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას, ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე B კატეგორიაში განაგრძონ. ამ პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბეჭდვა