გასულ წელს Facebook-ს ცუკერბერგის უსაფრთხოების დაცვა 22 მილიონი დოლარი დაუჯდა
გასულ წელს Facebook-ს ცუკერბერგის უსაფრთხოების დაცვა 22 მილიონი დოლარი დაუჯდა
16:12 14.04.2019
Facebook-მა გასულ წელს საკუთარ დამფუძნებელს დამატებით 13 მილიონი დოლარი გადაუხადა უსაფრთხოების დაცვისა და სამგზავრო ხარჯებისათვის.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, დამატებითი ხარჯები გამოიყო პირადი მცველების, აღჭურვილობისა და საცხოვრებელის დაცვის გაუმჯობესებისათვის.

"ცუკერბერგი Facebook-თან ასოცირდება, ამიტომაც ჩვენი კომპანიის დაცვა პირდაპირ უკავშირდება დამფუძნებლის უსაფრთხოებას", - განმარტავენ კომპანიაში.

როგორც ყველა სხვა დამფუძნებელი, ცუკერბერგიც ფეისბუქისაგან წლიურად 1 მილიონ დოლარს იღებს ხელფასის სახით. რაც შეეხება ბონუსებსა და ჯილდოებს, მარკ ცუკერბერგი ამით არ სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ცუკერბერგის ჯამური კომპენსაცია 2017 წელთან შედარებით მომდევნო წელს 9.1 მილიონი დოლარიდან 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო კომპანიის დამფუძნებლის უსაფრთხოება.

კომპანია უკვე მეორე წელია, სკანდალებში ეხვევა. ყველაფერი მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემებით დაიწყო, რამაც საგრძნობლად შეარყია ნდობა ფეისბუქისა და მისი 34 წლის დამფუძნებლის მიმართ.

ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორისაა და ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ჯამში 70 მილიარდ დოლარს ფლობს.


ბეჭდვა