გლდანის რაიონში სამი სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონში სამი სკვერი მოეწყო
16:44 29.01.2019
გლდანის რაიონში სამი ახალი სკვერი მოეწყო. გლდანის ხევის N3-N3 ა, N1-1 ა და მესამე ა მიკრორაიონის N23- 24 კორპუსებთან სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინვენტარი განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, საბავშვო-გასართობი მოედნები დამონტაჟდა.

ამასთან, სკვერის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა, მოეწყო განათებისა და წყლის სისტემები. სამივე სკვერში დაითესა ბალახი, N3-3ა და N23-24 კორპუსთან კი, ახლადმოწყობილ სკვერში ხე-მცენარეები დაირგო.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან, შალვა ოგბაიძესთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„გლდანის რაიონს კიდევ სამი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. სკვერებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად დაისვენოს. მსგავსი სივრცეების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სხვადასხვა მისამართზე წელსაც არაერთ სკვერს მოვაწყობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ბეჭდვა