ნინო წილოსანი: განათლების სფეროში შეფასების სწორი სისტემის ჩამოყალიბება რეალური გამოწვევაა
ნინო წილოსანი: განათლების სფეროში შეფასების სწორი სისტემის ჩამოყალიბება რეალური გამოწვევაა
16:37 29.01.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული ცვლილებები პოზიტიური და აუცილებელი ნაბიჯია სასკოლო სისტემის რეფორმირებისთვის.

„როგორც უცხოური პრაქტიკა, ასევე ჩვენს ხელთ არსებული კვლევები ადასტურებს, რომ სასკოლო გამოცდები სწავლის ხარისხს არ აუჯობესებს. სკოლის საატესტატო გამოცდები, არსებული ფორმით, უკვე რამდენი ათწლეულია „რეპეტიტორებთან” დამატებით მომზადების კულტურის ნაწილია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მაღალ დონეზე ჩაბარება ის მიზანია, რომელიც მოსწავლეს სკოლაში სწავლის პერიოდში უნდა ჰქონდეს დასახული. ამის უზრუნველსაყოფად, სკოლა შესაბამის განათლებას უნდა აძლევდეს მას და არ ტვირთავდეს მუდმივი საგამოცდო პროცესებით.

ასეთია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ნებისმიერი, ვინც დაგეგმილი ცვლილებების გაკრიტიკებას ცდილობს, კარგი იქნებოდა ჯერ სხვა ქვეყნების წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემებს გაცნობოდა“-აცხადებს წილოსანი.

ბეჭდვა