რეზო აფხაზავა: განათლების რეფორმა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს
რეზო აფხაზავა: განათლების რეფორმა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს
16:38 28.01.2019
განათლების ექსპერტმა, რევაზ აფხაზავამ, განათლების რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაცია პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვან დეტალებს გაესვა ხაზი.

„ცალსახად საინტერესო შეხვედრა იყო, რამდენიმე საკითხის გამოყოფა შეიძლება. პირველი, ეს არის უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლა, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. არ შეიძლება განსხვავებული სკოლები ერთი მიდგომით იმართებოდეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ბიუროკრატიიდან ორიენტირები უფრო შემოქმედებით საკითხებზე გადადის. მესამე, მარტივდება პროფესიაში შესვლა, თუმცა ეს კომპეტენციების ხარჯზე არ ხდება და ბიუროკრატიული ბარიერები ნაკლები იქნება. ჩემი აზრით, ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია“- განაცხადა ექსპერტმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო.

ბეჭდვა