მიხეილ ბატიაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სწავლის საფასური ევროკავშირის მოქალაქეების იდენტური გახდეს
მიხეილ ბატიაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სწავლის საფასური ევროკავშირის მოქალაქეების იდენტური გახდეს
17:32 22.11.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკომისასთან ერთად აქტიურად დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ იმავე პირობებით ისარგებლონ, როგორითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, რაც ქართველი სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლას მნიშვნელოვნად გააიაფებს.


შესაბამისად, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ანალოგიური პირობების შექმნის ინიციატივით გამოვიდა.


განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა გააუმჯობესოს თანამშრომლობის შესაბამისი პლატფორმები ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, რათა უზრუნველყოს ფასთა მიმართებაში თანაბარი მიდგომა ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება სურთ.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება-ჩამოყალიბება და მათი რაოდენობის გაზრდა, რაც სახელმწიფოს გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბეჭდვა