მიხეილ ბატიაშვილი თსუ-ში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
მიხეილ ბატიაშვილი თსუ-ში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
18:14 14.11.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელთან, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან, თსუ-ს პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად, ამერიკისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაციას დაესწრო.

პროფესორ ვასილ კაჭარავას სახელმძღვანელოში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.

სახელმძღვანელო აერთიანებს შემდეგ თემებს: პოსტრეკონსტრუქციული ერა კვლავ გაერთიანებულ ამერიკაში; პროგრესივიზმის ერა; 1920-იანი წლები _ აყვავების ხანა; დიდი დეპრესია და „ახალი კურსი“; ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში; მეამბოხე 1960 წლები; ვიეტნამის სინდრომიდან სტაგფლაციის ფენომენამდე; რონალდ რეიგანის კონსერვატიული რევოლუცია და ამერიკის შეერთებული შტატები მონოპოლარული სამყაროს ლიდერი. წიგნში აგრეთვე გაეცნობით ამონარიდებს ამერიკის პრეზიდენტების საინაგურაციო გამოსვლებიდან. ის ქრონოლოგიურად მოგვითხრობს აშშ-ის იმ შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენების, მოძრაობების და აშშ-ის გამორჩეული პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებასა და განვითარებაზე.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამა თსუ-ში 1998 წლიდან წლიდან ხორციელდება და ამ დროისთვის სწავლების სამივე საფეხურზე 200-მდე სტუდენტი სწავლობს. პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტულ საბაზისო ცოდნას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით.


ბეჭდვა