განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კავკასიის
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა.
„თვენი დაუზარელი შრომით და იმ ცოდნით, რომელიც უკვე გაგაჩნიათ უნდა მიაღწიოთ მიზანს. მიღებულ ცოდნასთან ერთად აუცილებელია გჯეროდეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მინდა გთხოვოთ, რომ გაუფრთხილდეთ ურთიერთობებს. თქვენი მომავალი წარმატებისთვის ცოდნასთან ერთად განმსაზღვრელია თქვენი კავშირები. თქვენ კიდევ ბევრჯერ შეხვდებით და დაეხმარებით ერთმანეთს და შესაძლოა გახდეთ ერთმანეთის საუკეთესო საქმიანი პარტნიორები. ნებისმიერი წარმატება, ნებისმიერი კარიერული წინსვლა მუდმივი განათლების გარეშე წარმოუდგენელია. ყოველი დღე არის ცოდნის მიღება, ბრძოლა, ერთმანეთის გვერდით დგომა და ეს ყველაფერი განაპირობებს თქვენ მომავალ წარმატებას.” - მიმართა კურსდამთავრებულებს მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრი დიპლომების გადაცემის ცერემონიას პროფესორ-მასწავლებლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტის ახალ კორპუსში დაესწრო.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წელს, კავკასიის ბიზნეს სკოლის შექმნით დაიწყო. დღეს აქ ბიზნესის გარდა, კიდევ ცხრა სკოლა ფუნქციონირებს: სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ახალი კინოსა და ეკონომიკის.
2018 წლიდან უნივერსიტეტი ფუნქციონირებას ახალ, სრულიად განახლებულ სასწავლო კორპუსში აგრძელებს.