შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე: პრემიერის ნათქვამი მომეწონა, გამიხარდა, რომ მთავრობა გეგმავს ფლოტის აღორძინებას
შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე: პრემიერის ნათქვამი მომეწონა, გამიხარდა, რომ მთავრობა გეგმავს ფლოტის აღორძინებას
18:42 25.06.2018
„პრემიერის ნათქვამი მომეწონა, გამიხარდა კიდეც, რომ მთავრობა გეგმავს ფლოტის აღორძინებას. 11 ათას მეზღვაურს, საშუალო გათვლებით, 1 მილიარდამდე ლარი შემოაქვს სახელმწიფოში და უზრუნველყოფილია მინიმუმ 11 000 ოჯახი. როგორც ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს, სულ ცოტა 5 ოჯახს ერთი მეზღვაური უვლის და შემოაქვს 5 ოჯახის შემოსავალი. როდესაც გეყოლება შენი ფლოტი, გექნება შენი მენეჯმენტი, როცა შეგეძლება საკუთარი ქვეყნის ფლოტის მართვა, საზღვაო სფეროში დღეს არსებული ყველა პრობლემა ერთდროულად მოიხსნება“, - ასე გამოეხმაურა შორეული ნაოსნობის კაპიტანი ანზორ დიასამიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომ იგეგმება ჩვენი საკუთარი ფლოტის განვითარება.

„თავის დროზე, როდესაც ქართული ფლოტი გაიყიდა, თავად ვიყავი კაპიტანი და ვმეთაურობდი ტანკერ „ნოდარ დუმბაძეს.“ რატომ და რისთვის გაიყიდა ფლოტი, ჩვენთვის უცნობია და ალბათ სათანადო ორგანოები გაარკვევენ ამას. ეს ფლოტი მუშაობდა რენტაბელურად, შემოჰქონდა შემოსავალი ქვეყნისთვის და დასაქმებული იყო, სულ ცოტა 5000 ათასი მეზღვაური“, - აღნიშნა ანზორ დიასამიძემ.

მისი თქმით, საქართველოში გვყავს სულ ცოტა 11 ათასი მეზღვაური, რომლებიც საზღვარგარეთ სხვადასხვა გემთმფლობელ კომპანიებში მოღვაწეობენ და არ გაგვაჩნია საკუთარი ფლოტი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთ დროს ძლიერი ქართული ფლოტის გემები ჯართის ფასად გაიყიდა, დღეს ეს გემები სხვა სახელმწიფოების დროშის ქვეშ ცურავს. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის უფრო ეფექტურად ინტეგრირება მსოფლიოს გლობალურ ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და შესაბამისად, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტის პროფესიების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.


ბეჭდვა