საგანმანათლებლო პროექტის “საქართველოს მზის ქვეშ” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საგანმანათლებლო პროექტის “საქართველოს მზის ქვეშ” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
20:52 16.06.2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ კონსულტანტ-მასწავლებლების ინიციატივით საგანმანათლებლო პროექტის “საქართველოს მზის ქვეშ”დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს კუთხეების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება. პროექტში ჩართული იყო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების 41 არაქართულენოვანი სკოლა.
ღონისძიებაზე მოეწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ნახატების გამოფენა. ასევე, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები, მათთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებით.

„პროექტის პირველი ეტაპი მცირე მიზნობრივი ჯგუფების ფარგლებში საკუთარ სკოლებსა და სკოლებს შორის ხორციელდებოდა, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების ეთნოგრაფიისა და კულტურის შესახებ და შექმნეს თვალსაჩინოებები. სწორედ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს კუთხეების ეთნოგრაფიისა და კულტურის შესახებ”- განაცხადა პროგრამის მენეჯერმა თამარ კეკელიძემ.

პროგრამას „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ანხორცილებას. პროგრამა გულისხმობს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია, როგორც სამიზნე სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს შორის სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაზე, ასევე მათ პროფესიულ განვითარებაზე.



ბეჭდვა