Capstone-ის დელეგაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა
Capstone-ის დელეგაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა
17:51 19.02.2019
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით Capstone-ის დელეგაცია იმყოფება. გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიიღო.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ Capstone-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართეს.

Capstone-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.

ამერიკული დელეგაცია საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.

ბეჭდვა