ლევან იზორია: ჩვენი პრიორიტეტი წელსაც სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა
ლევან იზორია: ჩვენი პრიორიტეტი წელსაც სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა
16:13 28.01.2019
პროექტის - „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

„ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება წელსაც სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. ჩვენ ეს პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო. სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც განახლებულ, გაუმჯობესებულ ხელფასებს 2019-2020 წლებში მიიღებს, უფრო გაფართოვდება. წელს მათი რაოდენობა ჯამში 7000-ზე მეტი იქნება . საქართველოს მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებს, რომელიც წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას განცხადებით, ახალ სახელფასო უზრუნველყოფას სხვა დანაყოფებიც მიიღებენ: „გვაქვს ამბიცია, რომ სრულად მთელი თავდაცვითი ძალები და ყველა სამხედრო მოსამსახურე მოვიცვათ“.

პროექტის-„მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორია საბინაო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემას გულისხმობს, 2019-2020 წლებში დასრულდება.

„ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე გააჩნია ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინით, როგორც გორში, ისე თბილისში. 2020 წელს ჩვენ ამ ვალდებულებას დავასრულებთ“- განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს, ლევან იზორიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
2019 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

ბეჭდვა