ლევან იზორია: ლოგისტიკა ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება
ლევან იზორია: ლოგისტიკა ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება
17:47 06.12.2018
„ჩვენ, სიმბოლურად, წლევანდელ წელს ლოგისტიკის წელი ვუწოდეთ. ამით, პრაქტიკულად, აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ იმ პრიორიტეტებთან, რომელიც ნატოს აქვს განსაზღვრული,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშზე მოხსენებისას და ყურადღება წლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ლოგისტიკური უზრუნველყოფის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.

ლევან იზორიამ განსაკუთრებით გადაადგილების საკოორდინაციო ცენტრის შექმნა გამოყო.

„ამ ცენტრმა თავის თავი დაამტკიცა სწორედ, Noble Partner-სა და Agile Spirit-ის ფარგლებში. პირველად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტექნიკა რკინიგზის საშუალებით პირდაპირ ვაზიანში მივიღოთ. ეს გადაადგილების საკოორდინაციო ცენტრის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მოხსენებისას.

მინისტრმა ყურადღება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ბაზაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოების ადგილზე ჩატარება მნიშვნელოვნად დაზოგავს დროს, ენერგიას და ხარჯებს.

„შევიმუშავეთ არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც არის მარაგების ანალიზის დოკუმენტი, მასპინძელი ქვეყნის დოქტრინა, ასევე შევიმუშავეთ გრძელვადიანი იმპლემენტაციის სტრატეგია. მომავალ წლებში სწორედ, ლოგისტიკა დარჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად, რათა, სწორედ, სამოქმედო გეგმის მიხედვით განვახორციელოთ პრიორიტეტული მიმართულებები,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
ბეჭდვა