თამარ ჩუგოშვილი: გაოგნებული ვარ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის შეფასებით, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებულია ვლადიმერ პუტინის ევროპულ სტრუქტურებში გავლენით ან კორუფციით
თამარ ჩუგოშვილი: გაოგნებული ვარ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის შეფასებით,  რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებულია ვლადიმერ პუტინის ევროპულ სტრუქტურებში გავლენით ან კორუფციით
22:15 18.07.2019
"დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება სამ საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმემ საინფორმაციო სივრცეში დაჩრდილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდედ გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმეებში საქართველო დამარცხდა წინა ხელისუფლების ძალადობრივი და კრიმინალური ქმედებების გამოისობით"-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებებს.

"რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ცალსახა და არ ტოვებს არავითარ სივრცეს ინტერპრეტაციისათვის.

გაოგნებული ვარ იმ შეფასებებით რასაც ვისმენ. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებული პოზიციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებულია ვლადიმერ პუტინის ევროპულ სტრუქტურებში გავლენით ან კორუფციით. ასევე სრულიად გამაოგნებელია, ზოგიერთი პასუხისმგებლიან პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირის საჯარო მოწოდება რომ სახელმწიფომ არ აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სრულიად გაუგებარია, რა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ უნდა გაიძულოს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე წააქეზო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე. მითუმეტეს, იმ პირობებში როდესაც საქმე ეხება ქართული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის აღსრულებაზე დაწესებული შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო გააუქმა და ეს გაუქმება არ საჩივრდება"-წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

ბეჭდვა