ირაკლი კობახიძე: მიხეილ კალანდიას დაკავებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობდა
ირაკლი კობახიძე: მიხეილ კალანდიას დაკავებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობდა
21:35 04.06.2019
„სასამართლო ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით და ამ მაღალი სტანდარტის პირობებში, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული პირის დაკავების თაობაზე”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდიას მოსამართლის განჩინებით დაკავებას.

“როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ფორმატში, ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაველოდოთ სრულად ამ საქმის გამოძიებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს საქმე მხოლოდ პირველი ინსტანციის დონეზე იყო განხილული, შესაბამისად, არ იყო მიყვანილი ბოლომდე. მეორე ინსტანციის დონეზე უკვე არის ცვლილებები და ეს ცვლილებები განაპირობა დამატებითმა მონაცემებმა, რომელიც მიიღო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ხედავთ, რომ მეორე ინსტანციის ეტაპზე ეს მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეიძლება შეცვლილიყო, გამართლდა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ საკუთარი სტანდარტი და როდესაც ამ სტანდარტის მიხედვით ნახეს, რომ კონკრეტული პირის დაკავება შესაძლებელი იყო, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველა ორგანო თავის სტანდარტით მოქმედებს. როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში, იქ ზუსტად ამას განვიხილავდით, რამდენად არსებობდა შესაბამისი სტანდარტი და მეორე იურიდიული ნიუანსი მდგომარეობდა იმაში, არის თუ არა პარლამენტი უფლებამოსილი, რომ მოითხოვოს ვინმეს დაკავება. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ექსკლუზიური პრეროგატივა. ამასთან დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ანუ, ორი საკითხი იყო, ერთი პარლამენტის უფლებამოსილება და მეორე, სტანდარტის შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ თუ არა დაკავების შესაძლებლობა. ეს დადგინდა დღეს, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ ყველაფერს კონკრეტული საფუძველი და დეტალური განხილვა სჭირდება და ეს გადაწყვეტილება სწორედ ასეთი განხილვის საფუძველზე იქნა მიღებული.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დადგომის თაობაზე. მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უმრავლესობით მიიღო შესაბამისი დადგენილება და რეკომენდაცია მისცა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე.

“ეს რეკომენდაცია კვლავაც არის ძალაში. ჩვენ ვართ პასუხიმგებელნი ასევე ზედამხედველობაზე და შეგვიძლია დამატებით მოვიკითხოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზეა ამ საკითხის, კონკრეტულად ამ საკითხის გამოძიება შესაძლო გადაცდომის საკითხის გამოძიების, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა შეიძლება შევისწავლოთ და ამის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა.ის, რომ გარკვეული საეჭვო გარემოებები იყო, დავუშვათ, იყო გარემოება, როდესაც შეიძლებოდა პირის დაკითხვა და არ იყო დაკითხვა ჩატარებული, შეიძლებოდა ჩხრეკის ჩატარება და არ იყო ჩატარებული, ეს ბადებდა კითხვის ნიშნებს და ზუსტად ეს კითხვის ნიშნები არის ასახული იმ დადგენილებაში, რომელიც უმრავლესობამ დაამტკიცა. ამიტომ, ამას სჭირდება ბოლომდე მიყვანა და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, კონკრეტული პასუხები შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იქნება ეს შსს თუ იქნება ეს პროკურატურა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება კონკრეტული გადაცდომა, ასევე, სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.

„თუ გამოვლინდება კონკრეტული გადაცდომა, მათ შორის, სამსახურებრივი გულგრილობა თუ რაიმე სხვა, ასევე, სამართალდარღვევა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს პოლიტიკური ნების მიხედვით. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და როდესაც გადადიოდა ხოლმე ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, ზუსტად აქ იყო ჩვენი მინიშნება და რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ნაცვლად პოლიტიკური დისკუსიისა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა გვეცლია ამ საკითხის განხილვა. ეს იყო ჩვენი მინიშნება. ასე უნდა კეთდებოდეს ეს, ბუნებრივია, სამართლებრივ სახელმწიფოში და როგორც ხედავთ, გადაინაცვლა ამ საქმემ ერთი ინსტანციიდან მეორე ინსტანციაში და იქ დადგა სხვა რეალობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს დაერთო დამატებითი მტკიცებულებები და დამატებითი გარემოებები. საკითხი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბეჭდვა