აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს
17:18 30.05.2019
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, რომელიც საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:

1) ბათუმის ყოფილი მერი გ.ე.
2) აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ.მ.
3) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ.
4) ბათუმის ვიცე-მერი თ.პ.
5) ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.
6) ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.
7) ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ზემოხსენებული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმჟამად იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები და ბათუმის მერიაში ეკავათ სხვადასხვა თანამდებობა, 2015 წლის 09 ოქტომბერს, ქ.ბათუმის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში საცხოვრებელი ბინების ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე. სატენდრო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები.

ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისათვის და სატენდერო კომისიის წევრებისათვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება მხოლოდ ერთ-ერთ კომპანიას ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე ქ.ბათუმის მერიის ხელმძღვანელმა პირებამ შესთავაზეს აღნიშნული კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ქ.ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა სწორედ ზემოთხსენებული კომპანიის მიერ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ელექტრონული ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“.

ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას, უცხოური საწარმოს ფილიალი „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იქნა ყალბი დოკუმენტაცია.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებს, წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტაციაზე საერთოდ არ უმსჯელიათ, ეს მაშინ, როდესაც ქ.ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 01 მაისს გამოცხადებულ სხვა ელექტრონულ ტენდერში, უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იგივე დოკუმენტაცია კომისიის ამავე შემადგენლობის მიერ გახდა უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებმა, იმ პერიოდისათვის ბათუმის ვიცე-მერმა ბ.მ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თ.პ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვ.ხ-მ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ე.ლ-მ და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ბ.ხ-მ, მიუხედავად იმისა რომ ტენდერში მონაწილეობისას „კონვენტ ჯორჯიას“ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და არსებობდა კომპანიის უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები, უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა პრეტენდენტს და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ისე რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას.

ბათუმის მერის გ.ე-ს დავალებით, დიდი ბრიტანეთში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“-ის სანდოობის, გადახდისუნარიანობის და რეიტინგის შესწავლა დაევალა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ა.ვ-ს, რომლის მიერაც მოპოვებული ინფორმაციებით დადგინდა, რომ დასახელებული კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედობაზე. ამავე პერიოდში ბათუმის მერიაში უკვე გაგზავნილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიები მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ - მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან.

ყოველივე ზემოხსენებულის საწინააღმდეგ, ნაცვლად იმისა, ქ.ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უსფ „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კი უსფ „კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიაში წარადგინა ისევ არასაბანკო, არააქტიური, ფიქტიური კომპანია „POINT BANK LTD“-ს მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერის, საფინანსო სამსაურის უფროსი ე.ლ-სთვის და საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ა.ვ-სათის ცნობილი იყო „POINT BANK LTD“-ის არასანდოობა და ის ფაქტი, რომ გარანტიის გამცენი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, ამასთან წარმოდგენილი საბაკო გარანტიაც არ იყო უპირობო და გამოუთხოვადი, უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ მაინც უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1 626 396,20 ლარის ოდენობით, საიდანაც უსფ „კონვენტ ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი და სხვადასხვა რგოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა უსფპ „კონვენტ ჯორჯიასათვის“ უპირატესობის უკანონოდ მინიჭებაში და საავანსო თანხის უსაფუძვლოდ ჩარიცხვაში, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, გაიფლანგა დიდი ოდენობით 1 370 076,00 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

"საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბეჭდვა