ახალგაზრდა ადვოკატები: ზაზა აბაშიძემ თსუ მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა ვაკხანალია
ახალგაზრდა ადვოკატები: ზაზა აბაშიძემ თსუ მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯემებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა ვაკხანალია
16:41 28.05.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაკითხა.

მთავარი მოწმის გამოკითხვა ორ საათზე მეტი დროით გაგრძელდა.

ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ კომისიამ კონკურსანტთა მიმართ გადაწყვეტილებები სუბიექტური შეხედულებებით მიიღო და განმსაზღვრელი აღმოჩნდა ნაშრომებზე მსჯელობა. ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ კონკურსის მიმდინარეობას, კონკურსანტთა საჩივრებსა და პრეტენზიებს, შექმნილ დისკომპორტსა და სარჩელის აღძვრის გადაწყვეტილებას, მთლიანობაში უწოდა - ვაკხანალია. შეკითხვაზე, ვისგან იღებდა მითითებებს და გააჩნდა თუ არა ნაკარნახევი კონკურსანტთა სიები, ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ სამაგიდო სიები. ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევდნენ შეხვედრის ოქმებში ყველა გარემოების აღწერას. ამასთან, აღნიშნა, რომ როგორც კომისიის თავმჯდომარე, დღესაც არ ეთანხმება კონკურსის შედეგების უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე გიორგი ოთხმეზურის ალტერნატიული კომისიისა და თსუ იურიდიული დეპარტამენტის დასკვენებს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მართალია, კომისიის შემადგენლობა სამმა წევრმა განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა განცხადების დაკმაყოფილებისთვის საჭირო იყო რექტორის ბრძანება (თანხმობა). ვინაიდან ასეთი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ის მოცემულობა, რომ კონკურსის შემაჯამებელი ოქმი არაუფლებამოსილ საკონკურსო კომისიას არ მიუღია. რაც შეეხება კონკურსის შემაჯამებელ ოქმს, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომისიიდან გასული თუ დარჩენილი წევრები გმირთა მოედანზე, სამშობლოსთვის დაღუპული მეომრების მემორიალთან დაიბარა და ხელი ადგილზე მოაწერინა.

ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ გამარჯვებულ კონკურსანტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში იცოდა, რომ კანდიდატი ნასამართლეობის მქონე იყო, თუმცა აღნიშნულ პირთან გააჩნდა ძველი ურთიერთობა, იყვნენ კურსელები და წიგნის თანაავტორები. ამიტომაც, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ზაზა აბაშიძემ აგრეთვე ისაუბრა კონკურსანტების პროფესიულ შესაძლებლობებზე. ორგანიზაცია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის დაკითხვის ვიდეო ოქმს სასამართლოდან მიღებისთანავე გაავრცელებს.

სასამართლომ საქმეზე კიდევ ერთი მოწმე, საკონკურსო კომისიის წევრი ომარ არდაშელია დაკითხა, რომელმაც სასამართლოს ღირებული ინფორმაცია მისცა, თუ როგორ ხდებოდა კონკურსანტთა განაცხადებზე მუშაობა და შერჩევა. მომდევნო სხდომაზე კომისიის დარჩენილი სამი წევრიც - დარეჯან კლდიაშვილი, ნინო აბაკელია და ბეჟან ხორავა უნდა დაკითხოს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დავას ოთხი მოსარჩელე ჰყავს - ნინო ღამბაშიძე, ლოლა სარალიძე, რუსუდან ლაბაძე და მანანა ხვედელიძე. სამართალწარმოების პროცესში სასამართლოს მოსარჩელეების პროფესიული, აკადემიური, სამეცნიერო საქმიანობის და მიღწევების, ისტორიისა და ეთნოლოგიის დარგში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე წერილობითი ფორმით მიმართეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ლია მელიქიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, გურამ ლორთქიფანიძემ. ამასთან, კიდევ ერთი წერილით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორება: ლიანა ბერიაშვილმა, დალი გიორგაძემ, ქეთევან სიხარულიძემ და მადლოენა ხაზარაძემ. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სასამართლო ობიექტურად შეძლებს დაადგინოს საქმეზე ჭეშმარიტება და არ მოხდება გამოცდილი მუშაკების პირველი ქართული უნივერსიტეტის მიღმა დარჩენა.

მოსარჩელე მხარე მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანება უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ვალერიან ვაშაკიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ქეთევან ქუთათელიძისა და ალექსანდრე თვარაძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში არჩილ კოხრეიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში ხათუნა იოსელიანის არჩეულად გამოცხადების ნაწილში. ამასთან, მოთხოვნილია სადავო ბრძანების მიღებისთვის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილობა, მოსარჩელეების შესაბამის თანამდებობებზე დანიშნვა ან ტოლფასი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა, იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. საკონკურსო შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ბოლო სხდომაზე მიიღო ინფორმაცია, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა კომისიის მუშაობაში უარი მათი „სულიერი აღელვების“ საფუძველზე განაცხადეს და მათ წევრის სტატუსი იურიდიულად არ ჩამორთმევიათ. ამასთან, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პირის შესახებ ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში არჩეული პირი ნასამართლეობის მქონეა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისია ფაქტობრივად და რეალურად, შედგებოდა 3 წევრისგან: ზაზა აბაშიძე (თავმჯდომარე), ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა. დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3. კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე ერთპიროვნულად არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის იურიდიული გადაწყვეტილება. მეტიც, კომისიის მუშაობა ოფიციალური წესით დაედასტურებინა. შესაბამისად, არავითარი იურიდიული ძალმოსილება არ გააჩნია 2018 წლის 11 ოქტომბრის დამატებით ოქმს შემაჯამებელი ოქმისთვის, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თსუ-ის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება - უკანონოა.

ცნობისთვის: ნინო ღამბაშიძემ, ლოლა სარალიძემ, რუსუდან ლაბაძემ და მანანა ხვედელიძემ სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. საქმეზე განსჯად კოლეგიად დადგინდა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმეში მესამე პირად იქნენ ჩაბმულნი ქეთევან ქუთათელაძე, ალექსანდრე თვარაძე, არჩილ კოხრეიძე, ხათუნა იოსელიანი და ვალერიან ვაშაკიძე. მოსარჩელეების ინტერესებს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. მომდევნო სხდომა 8 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა